Giovanni Di Lorenzo of Italy arrives at the Italy press conference at Hemberg-Stadion on June 12, 2024 in Iserlohn, Germany.„ნაპოლის” კაპიტანმა და იტალიის ნაკრების მცველმა ჯოვანი დი ლორენცომ გერმანიის ქალაქ იზელონში, „სკუადრა აძურას” ბანაკში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ეროვნულ გუნდსა და თავის მომავალზე ილაპარაკა. გთავაზობთ ამონარიდებს:

„მშვიდად ვარ. ვემზადები ჩემს კარიერაში მეორე ევროპის ჩემპიონატისთვის, რაც ძალიან მახარებს. ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელმაც გზა დაბლიდან გაიკვალა, ყველაფერი რაც ხდება მშვენიერია. ძალიან ამაყი ვარ. ევროპის ჩემპიონატი მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს, ამიტომ „ნაპოლის” წარუმატებელი სეზონი დავივიწყე და ნაკრებში საუკეთესო შედეგის მიღწევაზე ვფიქრობ…

…2021 წლის ევროსთან შედარებით განსხვავება ის არის, რომ 7-8 ფეხბურთელმა დაგვტოვა, მაგრამ გუნდს ისევ ის სული აქვს. დიდი შედეგების მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც გარდა იმისა, რომ ფეხბურთს დიდებულად თამაშობენ, დიდი კაცები არიან…

…ჩემი და „ნაპოლის” შესახებ ბევრს წერენ. მე შემეძლო პრესკონფერენციაზე არც მოვსულიყავი, მაგრამ არ ვნერვიულობ და ამიტომ მოვედი. ვინ უნდა წარსდგეს ჟურნალისტების წინაშე და ვინ არა, ამას ნაკრები წყვეტს. კლუბს ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ ველაპარაკე. ახლა მთელი ყურადღება ევროსკენ მაქვს მიმართული. მხოლოდ ერთ რამეზე ვღელავ: მინდა აქ, ნაკრებში იყოს ყველაფერი კარგად…

…გიმეორებთ, მშვიდად ვარ. ვიღაცამ თქვა, რომ სევდიანი დავდივარ და ხმას არ ვიღებ, მაგრამ სისულელეა (stronzate). ხალხს ტყუილის გავრცელება უყვარს. მშვიდად ვარ და იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული თამაშის შესახებ ვფიქრობ. ამის შემდეგ „ნაპოლისთან” დალაპარაკების დროც დადგება და მერწმუნეთ, რაც სათქმელი იქნება ვიტყვი, თავს არ შევიკავებ. ახლა კი ყველაფერზე მნიშვნელოვანი იტალიის ნაკრებია…

…დაცვაში 4 კაცით თამაში? ასეთ გადაწყვეტილებებს მწვრთნელი იღებს, მაგრამ სქემები რაღაც მომენტამდე გეხმარებიან, მერე კი აღარ…

…ჩვენი გუნდი 26 მაღალი დონის ფეხბურთელისგან შედგება და კარგი ის არის, რომ მის ყველა ფეხბურთელს რამდენიმე როლის შესრულება შეუძლია. ჩვენ ერთსულოვანი გუნდი გვყავს, აქ ჯანსაღო გარემოა და არავინ ცდილობს სხვაზე მეტი გავლენა მოიპოვოს…

…ლუჩანო სპალეტი კლუბშიც და ნაკრებშიც ლუჩანო სპალეტია. მას უყვარს მოედანზე დგომა და ფეხბურთელებისთვის თავისი იდეების ახსნა. ნაკრებში დრო ნაკლებია, კლუბში კი მეტი ვარჯიში და ვიდეოს განხილვაა, მაგრამ ყველაფერი მისი სტანდარტის შესაბამისად ხდება. მე ვერ ვატყობ, რომ ის შეიცვალა ან, ვთქვათ, ახლა უფრო მეტად არის მოტივირებული, რადგან დიდი გამოწვევის წინაშეა”.