იტალიის ნაკრებისთვის ევრო 2024 შაბათს ალბანეთთან თამაშით იწყება. იტალიელებთან და ალბანელებთან ერთად B ჯგუფში არიან ესპანეთი და ხორვატია. The Athletic-მა, რომელიც „ნიუ იორკ თაიმსის” დამატებაა, ლუჩანო სპალეტის გუნდი დაახასიათა.

პირველი, რაზეც გამოცემამ ყურადღება გაამახვილა, „სკუადრა აძურას” დაცვა გახლავთ. მისი აზრით, მარტამდე სპალეტი ითხკაციანი უკანა ხაზის დალაგებას აპირებდა, მაგრამ მერე გამოაცხადა, რომ რაღაც თანამედროვეს გაკეთება უნდოდა და ამხანაგურ შეხვედრებში სამ მცველზე გადაერთო.

მანამდე, შესარჩევ შეხვედრებში, იტალიელები 4-3-3 სქემით თამაშობდნენ და ბურთის ფლობის ფაზაში მეტწილად განაპირა მცველებისა და 8 ნომრის ურთიერთშეთანხმებულ მოქმედებებს ეყრდნობოდნენ. იტალია მეტოქეების ფრთებიდან გარღვევას ცდილობდა.

„ინტერში” ჩატარებული შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ ნიკოლო ბარელასგან ნაკრების ბურჯობას ელიან. მას აქვს მეტოქისთვის ბურთის მოედნის შუაში წართმევის გამორჩეული უნარი, რაც დაცვით ფაზაში მნიშვნელოვანია. ბარელა გუნდს შეტევების ორგანიზაციაშიც ეხმარება და ხშირად შეტევა ფლანგებზე გადააქვს. მას ზუსტი პასები და უბურთოდ გონივრული გადაადგილება ახასიათებს. ის ხშირად მოედნის შუიდან შერბენით ერთვება შეტევაში, რითაც მეტოქის საჯარიმოში რიცხობრივ უპირატესობას ქმნის და გოლის გატანისს შანსს ზრდის.

The Athletic-ის აზრით სამ მცველზე გადასული იტალიის ნაკრების სუსტი მხარე მაინც დაცვითი ფაზაა. კერძოდ, როდესაც „სკუადრა აძურას” შეტევა იშლება, გუნდი დაცვაზე გადაწყობას ვერ ასწრებს. ნახევარდაცვა და თავდასხმა უკანა ხაზისგან მოწყვეტილი რჩება. იქმნება არასასურველი სივრცე. ისეთი ეპიზოდების აღმოფხვრა, როგორიც იყო გასული წლის ოქტომბერში, ინგლისთან შეხვედრის დროს, როდესაც იტალიელების კარში გოლი მარკუს რეშფორდმა გაიტანა (იხილეთ ვიდეო), სპალეტის მთავარი თავსატეხია.