Georgia Euro 2024 squad: Khvicha Kvaratskhelia leads debut run | Goal.comდაბრუნებული კრიშტიანუ რონალდუ, შეუჩერებელი კილიან მბაპე და გამოცოცხლებული გერმანია ჰარი კეინის ინგლისთან და ჩემპიონ იტალიასთან ერთად ევრო 2024-ზე დიდ სანახაობას გვპირდებიან. ნუ დავივიწყებთ სამგზის ჩემპიონ ესპანეთსაც. ის 24 გუნდიან ევროპის ჩემპიონატს მოულოდნელობასა და მღელვარებას შეჰმატებს. პარასკევიდან ჩვენ გველის შეჯიბრება, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია.

Italy team celebrates with the trophy after winning the Euro 2020 final against England at Wembley stadium in London, England, July 11, 2021. (AP Photo)ევროპის ჩემპიონატი არის ტურნირი, რომელიც 2004 წელს რეიტინგის მიხედვით აუტსაიდერმა საბერძნეთმა მოიგო. 1992 წელს კი ჩემპიონი გახდა დანია, რომელიც ფინალურ ეტაპზე შესარჩევის გზით ვერ გავიდა და შეჯიბრების საგზური ბოლოწამს მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ ომში ჩაფლულ იუგოსლავიას მონაწილეობა აუკრძალეს.

France's Kylian Mbappe in action during the international friendly against Luxembourg at the Stade Saint-Symphorien, Metz, France, June 5, 2024. (Reuters Photo)მასპინძელი გერმანია იმედოვნებს, რომ სტადიონებსა და ფანზონებში შეგროვილი გულშემატკივრისთვის სასიამოვნო, საფესტივალო გარემოს შექმნის. ისე როგორც ეს 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გააკეთა.

თუმცა, ახლანდელი შეჯიბრება განსხვავებულ პოლიტიკურ კონტექსტში ჩატარდება. ევროპის უმსხვილეს სპორტულ შეჯიბრებას თავზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დამანგრეველი კონფლიქტის ჩრდილი ადგას — ლაპარაკია უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე. უკრაინის ნაკრები ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობს და გერმანიაში თბილ მიღებას ელის. გერმანია ხომ შესარჩევ შეჯიბრებაშიც მასპინძლობდა უკრაინელთა საშინაო შეხვედრებს.

რუსეთი შესარჩევიდანვე მოკვეთეს — უეფამ, ისევე როგორც ფიფამ მას ყველა საერთაშორისო შეჯიბრებაში აუკრძალა მონაწილეობა.

ამასობაში საქართველო თავის პირველ მსხვილ საფეხბურთო შეჯიბრებაზე მიემგზავრება, თუმცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. სამხრეთ კავკასიის ქვეყანაში კვირების განმავლობაში არ წყდებოდა პროტესტი საკამათო კანონის გამო, რომლის ოპონენტები ამბობენ, რომ ის მედიის თავისუფლებას შეზღუდავს და ხელს შეუშლის ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანებას.

თავად ევროკავშირში კი ჩემპიონატის მსვლელობისას ამომრჩევლები ჯერ კიდევ ევროპარლამენტის — 27 ქვეყნისგან შემდგარი გაერთიანების საკანონმდებლო ორგანო —  არჩევნების შედეგთა მონელებაში იქნებიან. ორშაბათს პირველმა მონაცემებმა გვაჩვენა, რომ ევროპაში ნაციონალისტური და ულტრამემარჯვენული განწყობათა ამოფრქვევა მიმდინარეობს, ეს განწყობა კი კონტინენტის საფეხბურთო სტადიონებზე ხშირად იჩენს ხოლმე თავს, განსაკუთრებით ულტრასებს შორის. შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატს კვლავ ემუქრება ხულიგნობის საშიშროება ანუ მეტოქე გუნდების გულშემატკივრები შეიძლება ერთმანეთს დაერიონ. გარდა ამისა, გერმანიაში პოლიტიკოსებზე თავდასხმათა სერიის გამო ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის საფრთხე გაზრდილია.

შეჯიბრების მსვლელობისას გერმანიის ხელისუფლება სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებას აპირებს. ამ საქმეში 20 000-ზე მეტი პოლიციელი იქნება ჩართული.

ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენების გამო გერმანიასა და უეფას კიდევ უფრო მეტი უსაფრთხოება დასჭირდებოდა ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე ისრაელის ნაკრებსაც რომ ეთამაშა, მაგრამ ამ გუნდმა შესარჩევი ეტაპი ვერ გადალახა და პრობლემა მოიხსნა.

მოედნებზე კი ხალასი შეჯიბრების მოლოდინში ვართ, რომელიც ევრო 2021-გან განსხვავებით კოვიდ 19-თან დაკავშირებული შეზღუდვებისგანაც თავისუფალი იქნება. ფავორიტთა შორის არიან ინგლისი და საფრანგეთი. სამი წლის წინ ინგლისს 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ პირველ დიდ გამარჯვებასთან პენალტების სერიაღა აშორებდა, მაგრამ ფინალში იტალიასთან წააგო. მას მერე ინგლისელთა მწვრთნელს გარეთ საუთგეიტს დაემატა მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ტოპ-ტალანტი ჯუდ ბელინგემი, ხოლო ფილ ფოდენი სრულიად ამართლებს იმ ხმაურს, რომელიც მის „მანჩესტერ სიტიში” გამოჩენას მოჰყვა. ამასობაში კი ჰარი კეინმა „ბაიერნში” ჩატარებულ პირველსავე სეზონში 47 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა.

ფინალში პენალტებით წაგების სიმწარე გადაიტანეს ფრანგებმაც, რომლებიც ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინასთან დამარცხდნენ. გუნდის მთავარ ვარსკვლავად რჩება მბაპე, მაგრამ ის მარტო არ არის. მას გარს უმაღლესი კლასის ფეხბურთელები აკრავს: ანტუან გრიზმანი, ედუარდო კამავინგა, აურელინ ჩუამენი, ოსმან დემბელე და კინგსლი კომანი.

საუდის არაბეთის კლუბში გადაბარგების შემდეგ ევროპის ჩემპიონატს  უბრუნდება რონალდუ. „რეალისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავი 39 წლის ასაკშიც გოლების მანქანაა — პორტუგალიის ნაკრების მიერ საუცხოოდ ჩატარებულ შესარჩევ ციკლში 10-ჯერ შეაგდო ბურთი მოწინააღმდეგეთა კარში.

გერმანიამ ბოლო მსხვილ შეჯიბრებებში გულშემატკივარს იმედი გაუცრუა და ამის გამო ეჭვის თვალით უყურებენ, მაგრამ მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ჩემპიონატის მასპინძლებს საფრანგეთსა და ნიდერლანდებთან მოგებებით გუნება ზედ ევრო 2024-ის წინ გამოუკეთა.

იტალიაზე რაიმე პროგნოზის გაკეთება კი სახიფათოა, რადგან სანაკრებო ფეხბურთის ერთ-ერთმა უმლავრესმა წარმომადგენელმა მსოფლიოს ბოლო ორ ჩემპიონატზე მოხვედრა საერთოდ ვერ შეძლო, არადა მათ შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიგო.

ესპანეთი 2008-2012 წლების დროინდელი დიდების აღდგენას აპირებს. იმ პერიოდში მან ევროპის ორი პირველობა მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი ნიჭიერი ფეხბურთელების ნაკლებობას არ განიცდის, „მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა როდრიმ კი თავის პოზიციაზე სავარაუდოდ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის სახელი დაიმკვიდრა. ამომავალ ვარსკვლავთა შორისაა ბარსელონელი ლამინე იამალიც.

ჩამოთვლილთა გარდა ნახვად ღირს ისეთი გუნდების თამაში, როგორიცაა, მაგალითად ყატარის მუნდიალზე მესამე ადგილზე გასული ხორვატია, რომლის შემადგენლობაში არის „რეალის” ჯერ კიდევ უმაღლეს დონეზე მოთამაშე ვარსკვლავი ლუკა მოდრიჩი.

ბელგიის „ოქროს თაობა” დაიშალა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა მაინც ეფექტურად, შესარჩევ ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლით შეძლო, საუკეთესო ბომბარდირი კი გახდა რომელუ ლუკაკუ, რომელმაც 14 გოლი გაიტანა.

თუკი წლეულს ევროპის ჩემპიონატს კიდევ ერთი ისეთი გუნდი მოიგებს, რომლისგანაც ამას არ ელიან, ეს ალბათ იქნება რალფ რანგნიკის ავსტრია, რომელმაც შესარჩევ შეჯიბრებაში კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ასევე დანია, რომელიც წინა ჩემპიონატის ნახევარფინალისტია. შეტევაში სერიოზული ტალანტები ჰყავს სერბეთსაც.

ერთი სიტყვით, ევროპის ჩემპიონატზე რომელიც თანამედროვე სანაკრებო ფეხბურთში ერთ-ერთი უდიდესი მოვლენაა, ყველაფერი შესაძლებელია.

ASSOCIATED PRESS