საქართველოს ნაკრები გერმანიაში კარგ ხასიათზე მიდის. ვილი სანიოლის გუნდმა პოდგორიცაში მონტენეგროსთან ითამაშა და იოლად მოუგო – 3:1. ფრანგი სპეციალისტის ძირითადი შემადგენლობის გამოცნობა რთული არ იყო. საბა კვირკველიას ტრავმის გამო ნაკრებში დებიუტი გიორგი გველესიანს ჰქონდა, ვინც სადებიუტო საგოლე პასი ოთარ კიტეიშვილს გაუკეთა.
გოლი კი კუთხურს მოჰყვა. სხვათა შორის, კუთხურიდან გოლი 2017 წლის 13 ნოემბრის შემდეგ არ გვქონდა გატანილი. გვქონდა უპირატესობა. ვუტევდით, სახიფათო მომენტებიც იყო. პირველი მერცხალივით მსუბუქად და ლაღად ვთამაშობდით.
შეტევები მერეც გავაგრძელეთ და პატარა შედევრიც შეიქმნა. ხვიჩა კვარაცხელიამ ცენტრში მცველი გააბითურა და საჯარიმოში გიორგი მიქაუტაძეს შეუცურა – მანაც დაუფასა გარჯა და მოხდენილი დარტყმით ანგარიში 2:0 გახადა. პირველ ტაიმში დიდი უპირატესობა გვქონდა. მხოლოდ ერთხელ გაგვეპარა დასარტყმელ პოზიციაზე მეტოქე და მისი დარტყმულიც გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია. ისე, გიორგიმ მეორე ტაიმშიც გადაგვარჩინა, როდესაც ახლოდან თავით დარტმული ბურთი აიღო.
საერთოდ მეორე ტაიმის შუა ნაწილი სუსტად ჩავატარეთ და მამარდაშვილმაც ვეღარ გვიხნა. სტეფან იოვეტიჩმა ოხდენილად შეაგდო. ჩვენებმა მესამეც გოლიც მშვენიერი გაიტანეს: ანზორ მექვაბიშვილის მაგარ პასს ზურიკო დავითაშვილის ფინტები და საჯარიმოში წაქცევა მოჰყვა. იყო თუ არა პენალტი, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მსაჯმა თამაში არ გააჩერა, მეკარესთან კი ბუდუ ზივზივაძემ იბრძოლა და შეაგდო. ეს გოლი შეცვლაზე შესული ფეხბურთელების იყო…
კიდევ გვქონდა მომენტები. მთლიანობაში მეტოქეს ყველაფერში ვაჯობეთ. მარტივად, მსუბუქად. ერთი რისიც გვეშინოდა, მასპინძლების უხეში თამაში იყო და იმედია ჩვენებმა შეხვედრა უტრავმოდ ჩაამთავრეს. გვქონდა შეცდომებიც, ჩავარდნებიც… თუმცა, ისიც გამოჩნდა, რომ ევროპაზე თამაში შეგვიძლია…