საქართველოს ნაკრებმა ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით თბილისური შეკრება დაასრულა. 1-8 ივნისს ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემიაში ეროვნული გუნდი გაფართოებული შემადგენლობით ვარჯიშობდა მწვრთნელთა შტაბს ის შემადგენლობა რომ შეერჩია, რომლითაც საქართველოს ნაკრები იტალიის ქალაქ ტრევიზოში შეკრების მორიგ ეტაპს გაივლის.

იტალიაში კი, 11-20 ივნისს ივარჯიშებს, რის შემდეგ ტრევიზოდან ტრენტოში გადაინაცვლებს, სადაც 23 ივნისს იტალიის ეროვნულ გუნდთან სპარინგ-მატჩს გამართავს.

ჯიკიჩის გამოძახებული შემადგენლობიდან ნაკრებს იტალიაში ვერ მიჰყვება ბექა ბურჯანაძე, რომელსაც ჩინებული სეზონი ჰქონდა ესპანეთში. მისი ლიდერობით „ლეიმა კორუნა ბასკეტმა“ უმაღლეს ლიგაში გადასვლა მოახერხა. ბურჯანაძემ ნაკრებთან ვარჯიში კი დაიწყო, მაგრამ მუხლის ტრავმამ შეაწუხა, რაც მისი თბილისში დარჩენის მიზეზი გახდა.

May be an image of 3 people, people playing voleyball and people playing basketballთავდაპირველად გამოძახებულთა სიაში არ იყო, მაგრამ ესპანეთში გამართულ ნბა-ს კემპის შემდეგ გუნდს შეუერთდა ავთანდილ ბახტაძე და ტრევიზოშიც მიემგზავრება. ნაკრებს დაუბრუნდნენ დუდა სანაძე და რატი ანდრონიკაშვილი, რომლებიც წინა ოფიციალურ მატჩებს ტრავმების გამო აკლდნენ. ისინი ნაკრებთან ერთად ტრევიზოში ივარჯიშებენ და ეცდებიან, ოფიციალურ მატჩებამდე ფორმა აღიდგინონ.

ნაკრებს იტალიაში შეუერთდება კაპიტანი თორნიკე შენგელია, ამერიკელი ნატურალიზებული უკანახაზელი ჯო ტომასონი და ამერიკაში მყოფი სანდრო მამუკელაშვილი. მოგეხსენებათ, შენგელია იტალიის სერია A-ს ფინალშია, ხოლო ტომასონი ისრაელის ჩემპიონობისთვის იბრძვის. რაც შეეხება სანდროს, ნაკრებში ვარჯიში, როგორც ნბა-ს მოთამაშეს, 18 ივნისამდე აკრძალული აქვს. ანალოგიური რეგულაცია ვრცელდება გოგა ბითაძეზეც, რომელიც თბილისურ შეკრებას 6 ივნისს შეუერთდა და ისეთ ვარჯიშებში იღებდა მონაწილეობა, სადაც კალათბურთელებს შორის ფიზიკური კონტაქტი არ არის.

24 ივნისს საქართველოს ნაკრები გეზს ლატვიისკენ აიღებს, სადაც საკვალიფიკაციო ტურნირის დაწყებამდე დასკვნით შეკრებას გამართავს. ჩვენი გუნდი ქალაქ იურმალაში დაბანაკდება და ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს: 26 ივნისს კამერუნთან და 28 ივნისს – ეგვიპტესთან.

ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი 2-7 ივლისს იქვე, რიგაში გაიმართება. რიგაში ოლიმპიადის ერთი საგზური თამაშდება, რომელშიც ექვსი ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას – ლატვია, საქართველო, ფილიპინები (A ჯგუფი), ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი (B ჯგუფი). ლატვიის გარდა ანალოგიური, 6-გუნდიანი საკვალიფიკაციო ტურნირები გაიმართება პუერტო რიკოში, ესპანეთსა და საბერძნეთში, სადაც ასევე ოლიმპიადის თითო საგზური გათამაშდება. გათამაშების ფორმატის თანახმად, თითოეულ ლოკაციაზე მოასპარეზე ექვსი გუნდი ორ ჯგუფშია განაწილებული. ნახევარფინალში თითოდან 2-2 საუკეთესო გავა. ნახევარფინალში გუნდები ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან, ხოლო ოლიმპიადის საგზურს ფინალის მომგები გუნდი მიიღებს.

ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი 2 ივლისს მასპინძელ ლატვიასთან, ხოლო 4-ში – ფილიპინებთან ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები ტერევიზოში 10 ივნისს ასეთი შემადგენლობით გაემგზავრება: ოთარ ფხაკაძე, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, კახა ჯინჭარაძე, დუდა სანაძე, გიორგი ტურძილაძე, გიორგი კორსანტია, ავთანდილ ბახტაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი ბაქრაძე, დავით კაუშაძე, თორნიკე შენგელია, ლუკა მაზიაშვილი, ჯო ტომასონი, გოგა ბითაძე, გიორგი ოჩხიკიძე, ილია ლონდარიძე.