ესპანური საიტის superdeporte-ს ჟურნალისტი პაბლო ლეივა წერს, რომ „ვალენსიას” სატრანსფერო ზაფხული იმაზე გაცილებით გრძელი გამოვა, ვიდრე ელოდნენ. ავტორის ყურადღების ცენტრში ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილია, რომლის ფასი „ვალენსიას” სინგაპურელმა მეპატრონეებმა ისე გაზარდეს, რომ ინგლისურმა „ნიუკსლ იუნაიტედმა” უკან დაიხია. არადა, „ნიუკასლი” გიორგის გადაბირებით კარგა ხანია დაინტერესებულია. მართალია, ავტორის აზრით ინგლისური კლუბის ეს უკანდახევაც შესაძლოა ვაჭრობის შემადგენელი ნაწილი იყოს, მაგრამ ინგლისში უკვე უკვე დაწერეს იმის შესახებ, რომ „კაჭკაჭები” მარტო მამარდაშვილს არ შესჩერებიან და სხვა კანდიდატებიც ჩამოთვალეს.

პაბლო ლეივა წერს, რომ ქართველი მეკარე დიდი კლუბების ინტერესის საგანს წარმოადგენს, მაგრამ ჯერჯერობით „ვალენსიასთვის” ოფიციალურად არავის მიუმართავს. მიზეზი ნათელია: მათ (დაახლოებით) 40 მილიონი ევრო ეძვირებათ.

„დეილი მეილი” წერს, რომ მამარდაშვილი „ნიუკასლისთვის” ყველაზე სასურველი ვარიანტი აღარ არის. და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ნიუკასლში” რჩება ნიკ პოუპი, რომელიც არც მეტი არც ნაკლები ინგლისის ნაკრების მეკარე იყო. გასულ სეზონში პოუპს მხარის ტკივილის გამო ბევრი თამაში გაუცდა, მაგრამ გაზაფხულზე გამოჯანმრთელდა და მომავალ სეზონში გუნდის მთავარ მეკარეობას აპირებს. მამარდაშვილის გარდა „ნიუკასლი” აკვირდება „ბარნლის” კარის მცველ ჯეიმს ტრაფორდსა და არსენალელ აარონ რამსდეილს.

superdeporte წერს, რომ შექმნილ მდგომარეობაში „კაჭკაჭებისთვის” ყველაზე მოსახერხებელი ტრაფორდის ყიდვაა. „ბარნლის” მეკარემ გასული სეზონის პირველ ნახევარში შესანიშნავად ითამაშა. ის გარემოება, რომ საშუალოდ მან თამაშში ორი გოლი გაუშვა, ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ეს გოლები მეკარის ბრალი არ იყო, საკუთრივ გუნდმა ჩაატარა საშინელი სეზონი. მარტიდან ტრაფორდმა ძირითადში ადგილი დაკარგა, მაგრამ ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მაინც შეიყვანა. საბოლოოდ საუთგეიტმა ტრაფორდი ევრო 2024-ზე არ წაიყვანა, მაგრამ ნაკრების გაფართოებულ სიაში ყოფნა ცოტა არ არის. აი, ფასი 16 მილიონი გირვანქა (19 მილიონი ევრო) კი მამარდაშვილში გადასახდელ 40 მილიონთან შედარებით ცოტაა. ამასთან, ისიც მნიშვნელოვანია, რომ ტრაფორდი 21 წლისაა და მისი სახით ინგლისმა შეიძლება ნაკრების ხვალინდელი მეკარეც მიიღოს.

„თუმცა, რასაკვირველია ტრაფორდი მამარდაშვილივით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე არ არის”, — დასძენს პაბლო ლეივა.

რაც შეეხება რამსდეილს, ის საუთგეიტს ევროზე მიჰყავს, მაგრამ 26 წლის ინგლისელი გასულ სეზონში „არსენალის” ძირითადის მეკარე არ იყო. „მეთოფეების” თავკაცი მიკელ არტეტა დავიდ რაიას უფრო ენდობა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რამსდეილი შესაძლოა სხვაგან გადასვლას ეშურებოდეს. მას 2021/22 და 22/23 წლების სეზონები ჰქონდა ძალიან ძლიერი. რამსდეილის ფასი 20 მილიონი გირვანქაა (23.5 მილიონი ევრო).