ახლოვდება ევრო 2024, საქართველოსთვის ისტორიული ჩემპიონატი, რომელსაც ცხადია თავისი ოფიციალური საიტიც აქვს. ამ ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნდა შეჯიბრების მონაწილე ნაკრებების მეტსახელთა ჩამონათვალი თავიანთი განმარტებებით. არ არის გამორიცხული, რომ ზოგი ქვეყნის ნაკრებს მეტსახელით აქტიურად არავინ მოიხსენიებს, ხოლო ზოგისთვის მეტსახელი მეორე სახელიც კი არის, მაგალითად, როგორც „ტარტანთა არმიაა” შოტლანდიისთვის. გთავაზობთ ჩვენი F ჯგუფის გუნდების მეტსახელებს და მათ განმარტებებს:

თურქეთი — აი ყილდიზლილარ (ნახევარმთვარის ვარსკვლავები), ბიზიმ ჩოჯუკლარ (ჩვენი ბიჭები)

პირველი მეტსახელი თურქეთის დროშის ელემენტებიდან არის აღებული. დროშა წითელ ფონზე თეთრი ნახევარმთვარისა და ვარსკვლავებისგან შედგება. ვარსკვლავი და ნახევარმთვარე ჯერ კიდევ ბიზანტიიდან მოდის. შემდეგ ისინი XIII-XX საუკუნეებში ოტომანთან იმპერიის სიმბოლოებად იქცნენ. მეორე მეტსახელი კი სოციალურ ქსელებში პოპულარული ჰეშთეგი გახლავთ.

საქართველო — ჯვაროსნები

საქართველოს ნაკრების თეთრ-წითელი ფორმა ეროვნული დროშის გამოძახილია. უეფას საიტის თქმით ეს იმავდროულად საქართველოს მფარველი წმინდა გიორგის ფერებიცაა. წმინდა გიორგი არის ინგლისის მფარველიც და ამიტომ ინგლისის დროშა საქართველოს დროშის მსგავსია. საქართველოს ნაკრებს ამ სახელს მე-11 საუკუნიდან გაძლიერებული სამეფოსა და მისი ბრძოლების პატივისცემის ნიშნად უწოდებენ.

პორტუგალია — სელესაო (შერჩეულნი), ეკუიპა დას კინას (გერბის გუნდი), ლუსოს (ლუსიტანიელები)

მეორე მეტსახელი პორტუგალიის ლოგოზე დატანებულ გერბს ნიშნავს, ხოლო ლუსიტანია გახლდათ ძველი რომის პროვინცია, რომელიც დღევანდელი პორტუგალიის დიდ ნაწილს მოიცავდა.

ჩეხეთი — ნაროდნი ტიმ (ეროვნული გუნდი), რეპრე (წარმომადგენლები), ჰრდი ლვი (ამაყი ლომები)

ნაროდნი ტიმი და რეპრე (მოგაგონებთ ინგლისურ სიტყვას representatives) გავრცელებული მეტსახელებია, ჰრდი ლვი კი მინიშნებაა ჩეხეთის გერბზე. თუმცა, ჩვეულებრივ გულშემატკივარი ამბობს „ჩეში” ან „ნაში” (ჩეხები ან ჩვენები).