„ნაპოლის” ნახევარმცველი სტანისლავ ლობოტკა სლოვაკეთის ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ისთვის ემზადება და რამდენიმე დღეში შეჯიბრებაში ჩართვება. სწორედ იქ, ნაკრების საწვრთნელ ცენტრში ისაუბრა „აძურის” 2022-23 წლების ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ კლუბსა და მის პრობლემებზე.
„ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. სეზონის შედეგებზე რა გითხრათ, რაც იყო ის იყო. გონებით მეტი გვინდოდა, მაგრამ ფიზიკურად ვერ შევძელით. რას იზამ, ასეთია ფეხბურთი. ახლა, ბოლო პერიოდში, ნამდვილად გადავერთე და დავისვენე”, — თქვა „სელტას” ყოფილმა ფეხბურთელმა.
„კალცონა? ისევე როგორც ყველა სხვას, მასაც (შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო კალცონა სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელიცაა) რთული პერიოდი ჰქონდა. ჩემი აზრით მან კარგი სამუშაო ჩაატარა, მაგრამ სეზონი ისეთი გამოვიდა, პეპ გვარდიოლა რომ ყოფილიყო „ნაპოლის” სათავეში, ჩვენს ხელში ისიც საშუალო დონის სპეციალისტად გამოჩნდებოდა. ყველაფერი მარტო მწვრთნელზე ხომ არ არის დამოკიდებული. გუნდის თამაში დამოკიდებულია ჩვენზე, ფეხბურთელებზე და თავად სეზონზეც. ხანდახან ყველაფერი შარშანდელივით აგეწყობა, ხანდახან კი ისე აირევა, როგორც ეს წლეულს მოხდა…
…ბევრი რამ არასწორად მოხდა. წავიდა მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი და სპორტული დირექტორი კრისტიან ჯიუნტოლი. იყვნენ ფეხბურთელები, რომელთაც ასევე წასვლა უნდოდათ, მაგრამ კლუბი არ უშვებდა. ამ ყველაფრის მიუხედავად სეზონის დასაწყისში ჩვენ მაინც ვიგებდით, შემდეგ კი ყველაფერი უკუღმა წავიდა…
…რას ვაკეთებდით არასწორად? თამაშებს თავს ვერ ვაბამდით. ძალიან იოლად ვუშვედით გოლებს, რაც ფსიქოლოგიურ დარტყმას გვაყენებდა. ყველანაირ გოლს ვუშვებდით და მერე უნდა გვებრძოლა, რომ საპასუხოდ ერთი მაინც გაგვეტანა. წინა სეზონში ფაქტობრივად ყველაფერი მოვიგეთ და თავის დაცვასაც ვახერხებდით. ამ სეზონში რატომღაც ვნერვიულობდით. ეს მორალურადაც ძნელი იყო, რადგან ხალხი სკუდეტოს მოპოვების შემდეგ ელოდა, რომ კვლავ ტიტულისთვის ვიბრძოლებდით…
…ვფიქრობ, ყველა იმ მწვრთნელს შორის, ვინც გასულ სეზონში გვყავდა, ყველაზე კარგად კალცონას ხელში ვითამაშეთ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ყველაფერს შედეგი განსაზღვრავს. როდესაც კარგად თამაშობ, მაგრამ მარცხდები, ყველა ამბობს, რომ უფრო მეტი საგოლე მომენტი უნდა შეგექმნა. ჩვენც სწორედ ეს მოგვივიდა — ცოტა გოლი გავიტანეთ. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ისეთი სეზონი გვქონდა, რომ ყველა მწვრთნელის ხელში იგივე მოხდებოდა…
…ანტონიო კონტეს პირადად არ ვიცნობ, მისი „ინტერის” წინააღმდეგ კი მითამაშია. ისინი კარგ, უშეღავათო ფეხბურთს მისდევდნენ. კონტეს დიდი კარიერა ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი მაინც სეზონის ბოლოს შედეგების მიხედვით ითვლება…
…მწვრთნელის შეცვლა ჩემთვის პრობლემა არ იქნება. ყოველთვის ერთსა და იმავეს ვიმეორებ: რა პოზიციაზეც გინდა დამაყენონ, შევეცდები მაქსიმუმი გავაკეთო. ვფიქრობ, ამ მხრივ მწვრთნელის ცვლილებით არაფერი გამირთულდება”.