Miguel Gutierrez of Girona FC runs with the ball during the LaLiga EA Sports match between Girona FC and Cadiz CF at Montilivi Stadium on April 20,...areanapoli წერს, რომ „ნაპოლი” ანტონიო კონტეს მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა. ბოლო დღეებში თვალშისაცემად ამოძრავებულა კლუბის ახალი სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა. როგორც „სქაი სპორტი” ამბობს, მან ყურადღება „ჟირონას” მარცხენა მცველზე, მადრიდში დაბადებულ-გაზრდილ, „რეალის” სკოლაგამოვლილ 22 წლის მიგელ გუტიერესზე გადაიტანა. შეგახსენებთ, რომ „ჟირონა” „რეალისა” და „ბარსელონას” შემდეგ ლა ლიგაში მესამე ადგილზე გავიდა.

გუტიერესის ფასი 25 მილიონი ევროა. ის გასული სეზონის აღმოჩენად და თავის პოზიციაზე ესპანეთის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება.

რატომ დაინტერესდნენ ნეაპოლელები მარცხენა მცველით? იმიტომ, რომ კონტემ შეიძლება 33 წლის პორტუგალიელი მარიო რუი გაუშვას, მატიას ოლივერა კი… მარცხენა ფრთაზე წინ გადაიყვანოს.

ეს ამბავი ბევრს გაუკვირდება, რადგან „ნაპოლის” მარცხენა ფრთაზე წინ კაცი ჰყავს — ხვიჩა კვარაცხელია. თუმცა, როგორც ყველაფერს ამასაც აქვს ახსნა. კონტეს ტაქტიკა მისი წინამორბედების ტაქტიკისგან განსხვავდება. ის არის არა 4-3-3 არამედ 3-5-2 განლაგების ერთგული და მისთვის ორი თავდამსხმელი ერთმანეთთან ახლოს, უნისონში მოძრაობს. გამოდის, რომ ახალი თავკაცის ხელში კვარაცხელიას სწორედ მეორე თავდამსხმელად მოუწევს გადასვლა და ცენტრფორვარდთან (ვიქტორ ოსიმენი იქნება, რომელუ ლუკაკუ თუ სხვა) ახლოს ანუ უფრო შუაში სირბილი.