„ნაპოლის” ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე რომში ჩაფრინდა სადაც დე ლაურენტისების ოჯახის მიერ 1975 წელს დაფუძნებული კომპანიის „ფილმაუროს” ოფისში აურელიო დე ლაურენტისს შეხვდა. საუბარმა ორ საათს გასტანა. იტალიური მედია წერს, რომ ამით „პარტენოპეის” ცხოვრებაში ახალი ეპოქა დაიწყო.

კონტე კონტრაქტს ხელს დღეს მოაწერს. ხელშეკრულების თანახმად ის „ნაპოლის” 2027 წლამდე უხელმძღვანელებს. მხარეები დიდი ენთუზიაზმით იწყებენ პროექტს, რომლის მიზანიც „აძურის” იტალიური ფეხბურთის მწვერვალზე დაბრუნებაა.

ოფისის შემდეგ დე ლაურენტისმა და კონტემ რესტორანში გადაინაცვლეს. ვახშამს დაესწრნენ კლუბის დირექტორები ანდრეა კიაველი და ჯოვანი მანა. კონტეს ახლდა ძმა, დანიელე.

„სქაი სპორტის” ინფორმაციით, საუბრის მონაწილენი შეეხნენ სატრანსფერო საკითხებს. კონტეს სურს „ნაპოლიში” მიიყვანოს ალესანდრო ბონჯორნო და რომელუ ლუკაკუ. პირველი ცენტრალური მცველია, მეორე ცენტრალური თავდამსხმელი.

„სქაი სპორტი” აგრეთვე ავრცელებს ცნობას, რომ კონტე ლუკაკუს პირადად დაკავშირებია. ის ბელგიელს „ინტერში” ხელმძღვანელობდა. ამბობენ, რომ ლუკაკუს გადაბირების სურვილი იმის ნათელი დადასტურებაა, რომ აპულიელ, უფრო ზუსტად კი სალენტოელ მწვრთნელს სერიოზული განზრახვა აქვს.