ვინაიდან „პარი სენ ჟერმენი” ბოლოხანს ხვიჩა კვარაცხელიასთან არის დაკავშირებული, მისი „ბ” გეგმის შესახებ ვილაპარაკოთ. კილიან მბაპე „რეალში” გადავიდა, რის გამოც პარიზელები ახალი გუნდის ჩამოყალიბებას იწყებენ. კლუბი ახალი ფეხბურთელების შეძენაზე მუშაობს. მბაპეს შემცვლელად მწვრთნელის ლუის ენრიკეს და სპორტული დირექტორის ლუის კამპოსის ფავორიტ კვარაცხელიას მიიჩნევდნენ. თავის მხრივ „პარკ დე პრენსე” გადასვლას ქართველი გარემარბიც დაყაბულდა, მაგრამ თავი იჩინა დიდმა პრობლემამ — „ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი თავისი გუნდის ვარსკვლავს ვერ ელევა, ხოლო თუ შეელევა, მხოლოდ დიდძალი ფულის სანაცვლოდ.
პსჟ როგორც ამბიციური კლუბი თავს მხოლოდ ერთ ვარიანტზე დამოკიდებულების უფლებას ვერ მისცემს, ამიტომ გააქტიურდა მეორე, „ლიონიდან” რაიან შერკის ყიდვის იდეაც. 20 წლის მარცხენაფლანგელის გადაბირება პსჟ-ს ჯერ კიდევ 2023 წლის იანვარში უნდოდა, მაგრამ მაშინ ლიონელებმა 20 მილიონ ევროზე უარი თქვეს, ახლა კი ვითარება შეიცვალა — შერკის „ლიონთან” კონტრაქტი 2025 წლამდე აქვს და შესაბამისად მისი სხვაგან გადასვლის ალბათობა გაზრდილია.
შემცირდა „პარი სენ ჟერმენში” ვიქტორ ოსიმენის გადასვლის ალბათობაც. ნიგერიელი თავდამსხმელი თებერვალში პსჟ-ს მთავარი სამიზნე იყო, მაგრამ ახლა ინგლისში გადასვლით არის დაინტერესებული.
და „პარი სენ ჟერმენს” მხოლოდ თავდასხმის გაძლიერება არ აკმაყოფილებს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის წინ სლოვაკი მილან შკრინიარითა და ფრანგი ლუკა ერნანდესით გაძლიერდა, ხოლო იანვარში ბრაზილიელი ლუკაშ ბერალდუც დაიმატა, საფრანგეთის ჩემპიონი „ეკიპის” ცნობით „ლილიდან” 18 წლის ლენი იოროს დამატებასაც აპირებს, მაგრამ მისი შეძენა იოლი არ იქნება, რადგან კოტ დ’ივუარელი წარმოშობის ფრანგის ყიდვას „რეალი”, „ლივერპული” და „ჩელსიც” ეშურებიან.