საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველ მორაგბეებს ძალზე მნიშვნელოვანი მატჩების გადატანა მოუხდათ: გასულ უქმეებზე ტოპ 14-ში რეგულარული სეზონის ბოლოსწინა ტური გაიმართა, რომელმაც თითქმის ყველა არსებულ კითხვას პასუხი გასცა; პრო დ2-ში პლეი-ოფის ფინალისტების ვინაობა დადგინდა და ამასთან, შედგა პრო დ2-ის ბოლოსწინაადგილოსნისა და ნასიონალ 1-ის ფინალში დამარცხებულის რკენა.

ტოპ 14

ევროპის ახალმა საკლუბო ჩემპიონმა „ტულუზმა“ რეგულარულის ჩემპიონობაც დაიბევა – გასულ ტურში „ლა როშელს“ დაუზავდა და 76 ქულას მოუყარა თავი, მდევარ  „სტად ფრანსეს“ კი 71 დარჩა, ამავდროულად ტულუზურ კლუბს პარიზელებთან პირად შეხვედრებშიც აქვს უპირატესობა.

„სტად ფრანსეს“ კი, თავის მხრივ, მეორე ადგილის შენარჩუნება ჯერ არ აქვს გარანტირებული და ყველაფერი ბოლო ტურში 68-ქულიან მესამეადგილოსან „ტულონთან“ პარიზულ მატჩში გადაწყდება. ცნობისთვის, „სტად ფრანსემ“ ლევან ჩილაჩავას „კასტრთან“ 18:27 დამარცხდა, ხოლო ბექა გიგაშვილის „ტულონმა“ „კლერმონი“ 52:10 გააცამტვერა და ეს უკანასკნელი პლეი-ოფში მოხვედრასთან გამოაამშვიდობა.

მეოთხეზე 64-ქულიანი „ბორდოა“, რომელმაც ექვსეულში მოხვედრა დაიბევა, მეხუთეზე „ლა როშელია“ (62 ქულა), მეექვსეზე კი „რასინგ-92“ (61), თუმცა ორივეს გადამწყვეტი ბრძოლა ბოლო ტურში ელის. „პერპინიანს“ (59 ქულა) და ხსენებულ „კასტრს“ (57) ექვსეულში შესვლის შანსებიი დარჩათ.

კიდევ ის გადაწყდა, რომ ვასილ ლობჟანიძისა და ირაკლი მირცხულავას „ოიონაქსი“ ტოპ 14-ს გამოეთხოვება, თუმცა მომავალ სეზონში ამ გუნდში მხოლოდ ვასკა იქნება, რადგან ირაკლი უფრო დაბალი დონის კლუბში აპირებს კარიერის დასრულებას.

„მონპელიე“ კი მე-13 ადგილზე გავიდა და ლიგაში დასარჩენად პრო დ2-ის ფინალში დამარცხებუთან პლეი-ოფი ელის.

პრო დ2

ამ ლიგის ფინალი 8 ივნისს გაიმართება და მასში ერთმანეთს „ვანი“ და „გრენობლი“ დაუპირისპირდებიან. „ვანმა“ მძიმე ბრძოლაში 27:21 დაამარცხა „ბეზიე“ რომლის შემადგენლობაში ბოლო 9 წუთი ლუკა ჭელიძემ ითამაშა, ხოლო „გრენობლმა“ გასვლით მატჩში გადამხდარ ნამდვილ თრილერში „პროვანსს“ 23:22 აჯობა. ალპელთა სასტარტოში ლუკა გოგინავა და გიორგი ჯავახია იყვნენ, ხოლო ირაკლი აფციაური მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა.

რაც შეეხება ამ ლიგაში დარჩენისთვის გადათამაშებას, „მონტობანმა“ ნარბონში ამავე სახელწოდების კლუბს უმძიმესი ბრძოლა 20:19 მოუგო და ამაში თავის წვლილი სასტარტოში მყოფმა მირიან ბურდულმა, ასევე შეცვლაზე შესულმა ბადრი ალხაზაშვილმა და თედო აბჟანდაძემაც შეიტანეს. „მონტობანი“ პრო დ2-ში დარჩა, თუმცა ქართველთაგან ამ გუნდში მხოლოდ მირიანი რჩება – ბადრი, თედო და ოთია გიორგაძე კარიერას სხვა კლუბებში გააგრძელებენ.

ფინალის მომგები ტოპ 14-ში აღზევდება, ხოლო დამარცხებული, როგორც უკვე ითქვა, იგივე პატივისთვის „მონპელიეს“ გაეჯიბრება.

წილი
წინა სტატიაარადა, ნაპოლი მეოთხეზეა
შემდეგი სტატიათუკი კვარა არა
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.