ანტონიო და ჯანლუკა კონტეები

„ნაპოლის” მწვრთნელთან დაკავშირებით ყველაფერი გაირკვა, ოფიციალური გამოცხადებაღა დარჩა. „პარტენოპეელებს” ანტონიო კონტე ჩაიბარებს. ის ფრანჩესკო კალცონას შეცვლის. აპულიელი სპეციალისტი (იტალიაში დაბადების ადგილის მიხედვით უყვართ მოხსენიება) ნეაპოლში ალბათ დღეს ჩავა. ელიან, რომ ახალი თავკაცის დანიშვნის ამბავს აურელიო დე ლაურენტისი ოთხშაბათს X პლატფორმაზე გამოაცხადებს. შემდეგ გაიმართება ტრადიციული წარდგინება, რომლის დრო და ადგილი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. თუმცა, ისევე როგორც calciomercato, ბევრი პორტალი კონტეს ეპოქაზე უკვე იწყებს საუბარს.

ანტონიო კონტე „ნაპოლის” სამი წლით ჩაუდგება სათავეში. მისი ხელფასი წელიწადში 7 მილიონი ევრო იქნება. ამას დაემატება ბონუსები, რომლებსაც კლუბი მიღწევების შესაბამისად გადაიხდის. „ნაპოლის” ისტორიაში ასეთი მაღალი ხელფასი არავის ჰქონია, თვით კარლო ანჩელოტისაც კი. კონტრაქტში არ წერია გამოსასყიდი თანხა და თანამშრომლობის ნაადრევად გაწყვეტის ვარიანტი. იგულისხმება, რომ მხარეებმა შეთანხმებას უნდა უერთგულონ და ბოლომდე მიიყვანონ პროექტი, რომელსაც „აძურისთვის” კატასტროფული წლის შემდეგ იწყებენ.

კონტეს „მარადონაზე” ასისტენტებად შემდეგი ხალხი მიჰყავს: მთავარ თანაშემწედ კრისტიან სტელინი, ანალიტიკოსად თავისი ძმა ჯანლუკა კონტე, ფიზიკურ მომზადებას კოსტანტინო კორატის ჩააბარებს, კოლაბორაცია ელვის აბრუშატოს საქმე იქნება და კიდევ იმუშავებს ლელე ორიალი, რომლის კონკრეტული ფუნქცია ჯერ განსაზღვრული არ არის.

71 წლის ლელე იგივე გაბრიელე ორიალი არის 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, „ინტერისა” და ფიორენტინას” ყოფილი ნახევარმცველი.

რაკი მწვრთნელის ვინაობა გაირკვა, დადგა დრო „ნაპოლის” შემადგენლობის შესაძლო გადახალისებაზე ვილაპარაკოთ. კონტემ უკვე დაასახელა „აძურის” ფეხბურთელები, რომელთა გუნდში დატოვებაც სურს. ისინი არიან ხვიჩა კვარაცხელია, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა, სტანისლავ ლობოტკა და მატეო პოლიტანო. ახალ მწვრთნელს კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოს შენარჩუნებაც უნდა. ამის მერე კი იწყება შესაძენი და გასაშვები მოთამაშეების გარჩევა. სატრანსფერო სიაში მთავარი ფიგურა ვიქტორ ოსიმენია, რომლის გაყიდვითაც დე ლაურენტისი 130 მილიონის მიღებას გეგმავს. ასეთი დიდი თანხის გამოყენება მრავალმხრივ იქნება შესაძლებელი.

calciomercato გვთავაზობს რამდენიმე გვარს, რომლებიც საქმეში ჩახედულმა ხალხმა უკვე ახსენა. დავიწყოთ უკანა ხაზიდან: „ტორინოს” ცენტრალური მცველი ალესანდრო ბონჯორნო ნეაპოლელთათვის ყველაზე სასურველი ფიგურაა. „ნაპოლის” დაცვა გასულ სეზონში ძალიან სუსტად თამაშობდა და გაძლიერება სჭირდება.

ნახევარმცველთაგან გუნდს პიოტრ ჟელინსკი ტოვებს. მის შემცვლელად „პარტენოპეელთა” ახალი სპორტული დირექტორის ჯოვანი მანას სიაში წერია ლილიან ტურამის შვილი და მარკუს ტურამის უმცროსი ძმა 23 წლის ნახევარმცველი კეფრენ ტურამი, რომელიც „ნიცაში” თამაშობს. იმავე სიაშია გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი, ველენსიელი ხავი გერა.

და, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვინ შეცვლის ოსიმენს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე. საუკეთესო გამოსავალი კონტესთვის კარგად ნაცნობი რომელუ ლუკაკუს გადაბირება იქნებოდა, მაგრამ ეს ვარიანტი პერსპექტიული არ ჩანს, დიდწილად ლუკაკუს ხელფასის გამო. ლაპარაკობენ აგრეთვე „სპორტინგის” უნგრული წარმოშობის შვედ ფორვარდ ვიქტორ გიორკერესზე, „ჟირონას” უკრაინელ თავდამსხმელ არტიომ დოვბიკზე და „ლილის” კანადელ მოთამაშე ჯონათან დავიდზე.