უკვე რამდენი სეზონია რაც napolipiu სერია A-ს ცხრილს ადგენს მსაჯთა შეცდომების გარეშე. ასეთი ანგარიშის დროს ფსიქოლოგიური გავლენების გათვალისწინება შეუძლებელია, მაგრამ ტექნიკურ-არითმეტიკული მხარე მკაფიოდ ჩანს. ნეაპოლური პორტალი წერს, რომ წლევანდელმა საბოლოო დათვლამ აჩვენა, რომ „ინტერი” დამსახურებულად გახდა იტალიის ჩემპიონი. არც გასავარდნთა ზონაში შეიცვლებოდა რამე, მაგრამ ბევრი გუნდი, მათ შორის „ნაპოლი” სხვა პოზიციაზე გავიდოდა.

napolipiu ამტკიცებს, რომ გუნდი, რომელიც მსაჯებმა ყველაზე მატად დააზარალეს სწორედ „აძურია”. არბიტრებმა მის 21 შეხვედრაზე იქონიეს გავლენა. ისინი განსაკუთრებით ბოლო 14 ტურში ცდებოდნენ. „მილანთან” შეხვედრით დაწყებული, „ფიორენტინასთან” შეხვედრით დამთავრებული ხვიჩა კვარაცხელიასა და მის თანაგუნდელებს რა არ გაუკეთეს: მათ კარში ჩათვალეს არჩასათვლელი გოლები, მეტოქეთა კარში არ დანიშნეს აშკარა პენალტები, აღარაფერი რომ ვთქვათ უსამართლოდ აფრიალებულ ყვითლებზე და ასე შემდეგ. ზემოთ ნახსენებთა გარდა ლაპარაკია მატჩებზე „კალიარის”, „ატალანტასა” და „ბოლონიას” წინააღმდეგ.

პორტალი წერს, რომ გასულ სეზონში „ნაპოლის” 14 დამსახურებული პენალტი არ დაარტყმევინეს. მათ შორის იგულისხმება ერთბაშად ორი პენალტი „ინტერთან” შეხვედრაში, და ვერდანახული თერთმეტმეტრიანები „იუვენტუსისა” და „მილანის” კარში.

საბოლოოდ, napolipiu-ს ვერსიით მსაჯებს შეცდომები რომ არ დაეშვათ, „ინრერის” შემდეგ მეორე ადგილზე გავიდოდა „ბოლონია”, მესამეზე „ატალანტა”, მეოთხეზე „ნაპოლი”, შემდეგ კი „მილანი”, „ლაციო” და „იუვენტუსი”.