მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად წარმატებული სეზონი ჰქონდა, საფრანგეთის ჩემპიონიც გახდა, თასიც მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც გავიდა, „პარი სენ ჟერმენი” იძულებულია შეტევა გააძლიეროს. მიზეზი? გუნდი დატოვა კილიან მბაპემ, რომელსაც წელიწადში 30 გოლი გაჰქონდა. და მართალია საფრანგეთის ნაკრების კაპიტანს თვეობით აკრიტიკებდნენ, ახლა გასარკვევია ვინ შეავსებს ამ დანაკლისს? დღეს, როდესაც საფრანგეთის დედაქალაქში მატვეი საფონოვის დონარუმას დუბლიორად ჩამოყვანაზე კამათობენ, „ეკიპმა” დაწერა, რომ პსჟ-ში თამაშზე რუსეთის პრემიერლიგაში წარმოჩენილმა კიდევ ერთმა ფეხბურთელმა თქვა თანხმობა. ეს არის „ნაპოლის” მარცხენა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია. ის უნდა გახდეს ბრედლი ბარკოლას პოტენციური კონკურენტი, მაშინ როდესაც ახალგაზრდა ფრანგმა თავის გამოჩენა დაიწყო. საფონოვის შემთხვევისა არ იყოს, ღირს ამად? ეს ცხენი დოღისთვის სწორად არის შერჩეული?

ეს არ არის რეალური ვარიანტი

პირველი პრობლემა: ხარბი კინოპროდიუსერი აურელიო დე ლაურენტისი 100 მილიონ ევროს ითხოვს და ჩვენ კარგად ვიცით რა კერკეტი კაკალიცაა ეს ჭირვეული მაგნატი როცა საქმე ბიზნესს ეხება. პარიზელებს კი თავისი მხრიდან ყატარელთა მიერ გამოყოფილი თანხის მორიგი გაფლანგვა არ წაადგებათ. ისინი 60 მილიონს პლუს ფეხბურთელის ვარიანტს განიხილავენ, ოღონდ ესეცაა: ვინ გინდა შესთავაზო „ნაპოლის” ისეთი ვილი სანიოლის ვარსკვლავი რომ შეუცვლოს? რანდალ კოლო მუანი, მილან შკრინიარი და არასასურველი პირების ჯგუფი? რთული საკითხია. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პსჟ-ში თავდასხმაზე მეტად სხვა სექტორებია გასაძლიერებელი, მაგარითად დაცვის ცენტრი (თუნდაც იმისათვის, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის მსგავსად ლუკას ბერალდოს დაყენება აღარ დაგვჭირდეს) და ნახევარდაცვა (ვიტინიამ თავი მარტოსულად რომ არ იგრძნოს)… ან სულაც თავდასხმის ცენტრი, რაკიღა „პარი სენ ჟერმენმა” გადაწყვიტა 4-3-3 სქემას უერთგულოს.

მეორე პრობლემა: „კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ „პარტენოპეელთა” მომავალი მწვრთნელი ანტონიო კონტე მიიჩნევს, რომ „კვარადონა” გაყიდვას არ უნდა ექვემდებარებოდეს. ვულკანური მწვრთნელი, რომელიც როგორც ჩანს ფრანჩესკო კალცონას შეცვლის, ახლანდელი შემადგენლობის დაშლის კატეგორიული წინააღმდეგია. ის აპირებს დაეყრდნოს ალექს მერეტს, ჯოვანი დი ლორენცოს, ამირ რახმანის, სტანისლავ ლობოტკას, მატეო პოლიტანოსა და რასაკვირველია ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც 23 წლის არის. და ეს ყველაფერი იმის მიუხედავად, რომ ვეზუვის პირას მომავალ სეზონში ევროთასის თამაშები არ ჩატარდება, ხოლო 77-ე ნომერს წარუმატებელი სეზონი ჰქონდა. ის ახლა ნახევარი ტონით დაბლაა, რადგან სერია A- ში შთამბეჭდავი (და ცოტა გადაჭარბებული) პირველი სეზონის შემდეგ ცრუმოძრაობით ცნობილი გარემარბის ინტენსივობა 2023-24 წლების სეზონში შემცირდა. მისი მოძრაობები, დრიბლინგი და გადაწყვეტილებები უფრო ადვილი ამოსაცნობი გახდა.

უფრო კვარა ვიდრე ოსიმენი?

კვარას ხელი არ შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ მისმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა მისი თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი — მხოლოდ სიტყვიერად — სადღაც საუდის არაბეთში გააგზავნა. ეს იყო ისეთი რამ, რაც ოსიმენს ძალიან არ მოეწონა. ნიგერიელი არის ნეაპოლური კლუბის იმ იშვიათ ფეხბურთელთაგანი, რომელსაც ხელში გასვლითი ვაუჩერი უჭირავს. წინა სეზონში პსჟ მასაც ძალიან აკვირდებოდა, მაგრამ ოსიმენს კონკრეტული წინადადება დღემდე არ მიუღია. ხომ არ აჯობებდა პსჟ-ს მთელი ფსონი სუპერარწივზე დაედო, თუნდაც ეს კონტესთვის ფეხბურთელის ნებისმიერ ფასად მოტაცებას დამსგავსებოდა? ის უფრო ძვირი დაჯდება (130-150 მილიონი), მაგრამ სპორტული გარანტიაც მეტი იქნება. ასეა თუ ისე, მბაპეს შემდეგ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე ყველაზე მეტად მისი პროფილი იკვეთება.

ის ფეხბურთი, რომელიც მან „ლილში” პირველ სეზონში მათ შორის ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა კითხვის ნიშნებს არ ბადებს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ საერთაშორისო დონის ცენტრფორვარდს დაცვაში თამაშის უნარებიც აქვს. ის ილ დე ფრანსის მოსახლეობას დიდ სარგებელს მოუტანდა. თან მისი მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია. როგორც ჩანს ის „ჩელსით” დიდად ვერ აღფრთოვანდა და ისე ჩანს, რომ პარიზელთათვის ხელსაყრელი მომენტი დგას. ასე რომ ფრთხილად პსჟ, კიდევ ერთხელ არ ააცდინო მიზანს.

ალექსანდრ ლაზარი, SO FOOT