„რეალმა” ჩემპიონთა ლიგის მოგება ცხოვრების წესად აქცია. წელიწადი წელიწადს მისდევს, რეკორდი რეკორდს ემატება. დესიმოკინტა (მეთხუთმეტე) კუთხურიდან გატანილმა გოლმა მოიტანა, როდესაც დაბალმა ფეხბურთელმა თავით მაღალს აჯობა. „დორტმუნდის” მწვრთნელს ახლაც უკვირს, რანაირად ახტა კარვახალი მასზე 20 სანტიმეტრით მაღალ ფულკრუგზე მაღლა, მაგრამ „რეალი” ჩემპიონთა თასისთვის იბრძოდა და ამ დროს მოულოდნელი რაღაცები ხდება. ჩემპიონთა ლიგა „დორტმუნდის” მიმართ სასტიკი, „მადრიდის” მიმართ კი კეთილგანწყობილი გამოდგა. გერმანელებმა 60 მრისხანე წუთი ჩაატარეს და ტრიბუნებზე მათი გულშემატკივრებიც სჯობდნენ მოწინააღმდეგეს, მაგრამ საბოლოოდ გაიმარჯვა მან ვინც იგებს ხოლმე, ვინც „იქ” თხუთმეტჯერ არის ნამყოფი, ვინც არავის არაფერს აპატიებს და არასდროს ნებდება.
კონკურენტებმა ფარ-ხმალი დაყარეს. გვარდიოლამ რამდენჯერ სცადა, მაგრამ საბოლოოდ ყველა შეეგუა აზრს, რომ მადრიდელები კიდევ 50 წლის განმავლობაში მოიგებენ ჩემპიონთა ლიგას. ეს თასი ესტაფეტასავით გადადის. ზიდანი ერთადერთია ვინც იგი ზედიზედ სამჯერ აღმართა და ახლა ანჩელოტიც სამგზის მფლობელი გახდა. ეს არის ისტორია, რომელიც არასდროს მთავრდება.
მოგვენატრები, ტონი
კროოსი „რეალს” მორიგი დიდებული თამაშით დაემშვიდობა. როდესაც „დორტმუნდი” აწვებოდა, გერმანელი იყო ერთადერთი, ვინც სიმშვიდესა და საღ აზრს ინარჩუნებდა. კამავინგას, მაგალითად გაუჭირდა და მთელ რიგ მომენტებში მოწინააღმდეგემ აჯობა. ეს იმას ნიშნავს, რომ „რეალში” დიდი ფეხბურთელობისთვის ბურთთან შინაურულად ყოფნა საკმარისი არ არის, არამატერიალური აქტივებია საჭირო. მადრიდელებს ფანტასტიკური ნახევარმცველები ჰყავთ, მაგრამ ორშაბათიდან მოდი ვნახოთ ვის მიიჩნევენ შესაფერისი დონის ფეხბურთელად სამომავლოდ.
საგოლე პასი, რომელიც კროოსმა კარვახალს ჩააწოდა „რეალის” ისტორიაში შევა. ისევე, როგორც ისტორიაში შევიდა მოდრიჩის პასი რამოსისთვის, რომელიც ხორვატმა ლისაბონში ჩააწოდა. მადრიდელთა გამარჯვება კროოსის ფეხით დაიწყო. უკეთეს გამომშვიდობებას ვერავინ წარმოიდგენდა.
დორტმუნდელმა გულშემატკივრებმა უემბლიზე ყვითელი კედელი ააგეს
რას ჭამენ გერმანელები ასეთ ხმას რომ გამოსცემენ? იმ მომენტიდან მოყოლებული როდესაც სტადიონზე ფეხი შედგეს, „დორტმუნდის” გულშემატკივრები მადრიდელ გულშემატკივრებს დეციბელებით აღემატებოდნენ. ისინი ფინალებს ნაჩვევი არ არიან და ამიტომ მეტი ენერგიითა და ენთუზიაზმით შეუდგნენ საქმეს. „ბორუსიას” ფანებმა „უემბლიზე” შოუ დადგეს და კინაღამ აღასრულეს მუქარა: „ჩვენ ამ ქალაქში გვირგვინის გასატაცებლად ჩამოვედით”.
კიდევ კარგი კარში კურტუა იდგა
კურტუა კი სხვა პლანეტიდანაა. კაცმა ამ სეზონში მუხლის ორი ოპერაცია გადაიტანა, ცხრა თვე გაუცდა და მაინც გამონახა საშუალება ფინალს საუკეთესო ფორმაში შეხვედროდა. მან სანახაობრივი ფინალი ჩაატარა, რაც დაურტყეს ყველაფერი მოიგერია და დამხმარედ ძელებიც კი დაიყენა — ფულკრუგმა ძელს იმიტომ გაარტყა, რომ ბელგიელი თავის საქმეს ჩინებულად ართმვდა თავს. და აქ კიდევ ერთხელ უნდა დავეთანხმოთ ანჩელოტის, რომელმაც მკაფიოდ გადაწყვიტა, რომ თუ კურტუა ჯანმრთელადაა, კარში ლუნინი არ ჩადგებოდა. კურტუა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა.
რუდიგერი სამს გამოუდგა
სად იყო სტადიონის დაცვა, როდესაც თამაში დაიწყო? ალბათ ისინი „დორტმუნდის” ფეხბურთელების ფონზე ფოტოებს იღებდნენ, თორემ სხვანაირად ამის ახსნა არ შეიძლება. თამაში ერთი წუთის დაწყებული იყო, როდესაც სამი გულშემატკივარი მოედანზე შევიდა და იქ თავისუფლად დაბოდიალებდა. ისინი სელფის იღებდნენ ყველასთან, ვისაც გვერდით ჩაუვლიდნენ. მათ ფოტოების ინსტაგრამზე ატვირთვაც კი მოასწრეს. რუდიგერმა ბოლოს თავი ხელში აიყვანა, თორემ თავიდან ეტყობოდა მარტოს უნდოდა სამივე მათგანის მოედნიდან გაყვანა.
ახლა კი მბაპეც დაემატება
შემდეგ კვირაში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელიც დაემატება. დიახ, მოსალოდნელია, რომ როდესაც დესიმოკინტას ზეიმი დასრულდება, „რეალი” დაიმატებს ფეხბურთელს, რომელთან ერთადაც დესიმო6ტას დააანონსებს. ეს „რეალია”, გაუმაძღარი კლუბი, რომელიც თავისი ისტორიის საუკეთსო პერიოდს გადის.
რა ბიჭია კეპა
როდესაც კურტუა დაშავდა, „რეალმა” კეპა იყიდა, ფინალში კი ისე გამოვიდა, რომ ბასკი სათადარიგოს სათადარიგო იყო. ამის მიუხედავად ის საოცრად მოიქცა, გასახდელში თანაგუნდელებს ამხნევებდა და წამით არ მოღუშულა. როდესაც „დორტმუნდი” „რეალს” პრესავდა, კეპა სკამიდან წამოხტა და თანაგუნდელებს შეუძახა. ის პირველი შეახტა კარვას და პირველი ჩაეხუტა კურტუას მატჩის შემდეგ.
ხუან იგნასიო გარსია ოჩოა, marca