საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადება დაიწყო. 2-დან 7 ივლისის ჩათვლით ლატვიის დედაქალაქ რიგაში პარიზის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის ოთხი საგზურიდან ერთი გათამაშდება, რომელშიც 6 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას:
A ჯგუფი: ლატვია, საქართველო, ფილიპინები.
B ჯგუფი: ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნი.
ანალოგიური, ექვსგუნდიანი ტურნირები გაიმართება პუერტო რიკოში, ესპანეთსა და საბერძნეთში.
გათამაშების ფორმატის თანახმად, თითოეულ ქვეყანაში მოასპარეზე 6 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული და ერთი წრის შემდეგ ნახევარფინალში თითოდან 2-2 საუკეთესო გავა. ნახევარფინალში გუნდები ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან: A1-B2, B1- A2. ოლიმპიადის საგზურს ფინალის მომგები გუნდი მიიღებს.
შესაბამისად, საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში რომ გავიდეს, ჯგუფში ორი მატჩიდან მინიმუმ ერთი უნდა მოიგოს. საქართველოს ნაკრები 2 ივლისს მასპინძელ ლატვიას შეხვდება, ხოლო 4-ში – ფილიპინებს.
ამ მატჩებისთვის სამზადისი საქართველოს ნაკრებმა პირველი ივნისიდან დაიყო. ჯიკიჩმა ამ ტურნირისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში 23 კალათბურთელი გამოიძახა:
რატი ანდრონიკაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ოთარ ფხაკაძე (დელტა, გურჯაანი), გიორგი ოჩხიკძე (ქუთაისი), ლუკა მაზიაშვილი (კავკასია), დუდა სანაძე (ატომერომუ, უნგრეთი), ჯო ტომასონი (მაკაბი, ისრაელი), დავით კაკუშაძე (ვსა), ნიკოლოზ გაფრინდაშვილი (კავკასია), კახაბერ ჯინჭარაძე (თსუ), ცოტნე ცარციძე (ჩრდ. დაკოტა, NCAA), ალექსანდრე მერკვილაძე (ლოიოლა მერიმაუნტი, NCAA), ოთარ ბულიავა (ბათუმი), ნიკოლოზ მეცხვარიშვილი (ლიოზიანა მონროი, NCAA), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), თორნიკე შენგელია (ვირტუს ბოლონია), ალექსანდრე მამუკელაშვილი (სან ანტონიო, NBA), ბექა ბურჯანაძე (კორუნა, ესპანეთი), გიორგი კორსანტია (ქუთაისი), ბექა ბექაური (თსუ), გოგა ბითაძე (ორლანდო მეჯიქი, NBA), გიორგი ტურძილაძე (დელტა, გურჯაანი), გიორგი ბაქრაძე (ივერიონი), ილია ლონდარძე (კავკასია).
ამ მატჩებში საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო გიორგი შერმადინი ვერ დაეხმარება.
მზადების პირველ ეტაპს საქართველოს ნაკრები იტალიაში ჩაატარებს და 23 ივნისს ამხანაგურ შეხვედრაში იტალიას ეთამაშება.
საკვალიფიკაციო ტურნირის დაწყებამდე დასკვნით შეკრებას კი გუნდი ლატვიაში გამართავს და ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს – 26 ივნისს კამერუნთან, რომელიც რიგის საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილეა და 28 ივნისს ეგვიპტესთან.
ჯგუფიდან გასული გუნდები ნახევარფინალს 6 ივლისს ითამაშებენ, ხოლო ფინალი 7-შია დანიშნული.