Players of Fiorentina disappointment at the end of the UEFA Europa Conference League 2023/24 final match between Olympiacos FC and ACF Fiorentina at...ვინჩენცო იტალიანომ ისევ წააგო. ის, რაც წუხელ ათენში ევროპის ლიგის ფინალში მოხდა ამ მწვრთნელისთვის ორ წელიწადში მესამე მარცხი იყო გადამწყვეტ შეხვედრაში. გავიხსენოთ: 2023 წელს იტალიის თაზე „ინტერთან”, იმავე წელს კონფერენციის ლიგაში „ვესტ ჰემთან” და აი, 2024-ში „ოლიმპიაკოსთან”.

„ოლიმპიაკოსი” გახდა პირველი ბერძნული კლუბი, რომელმაც ევროპული თასი მოიგო.

არადა, „ფიორენტინა” აშკარა ფავორიტად ითვლებოდა. შარშან, „ვესტ ჰემთან” შეხვედრის წინ ასე არ იყო. ათენში „იების” შეცდომა უპირველეს ყოვლისა ის გახლდათ, რომ ჯერ ჯაკომო ბონავენტურამ და შემდეგ კრისტიან კუამემ ხელსაყრელი მდგომარეობიდან გოლები ვერ გაიტანეს. დამატებითი დროის ბოლოს კი იტალიურმა გუნდმა დაცვაში ერთი შეცდომაც დაამატა და თასი პირეოსელებს დარჩათ.

შარშან, პრაღაში „ვესტ ჰემთან” მარცხის შემდეგ ფლორენციელებმა ყველაფრის თავიდან დაწყება გადაწყვიტეს, ახლა კი ეს აღარ გამოვა. ზედიზედ ორი ევროფინალის წაგება დიდი ფსიქოლოგიური ტვირთია, რომელსაც გადატანა სჭირდება. უკვე დაიწერა, რომ „იების” დირექტორატი იტალიანოს შეცვლის. კანდიდატი ორია: რაფაელე პადალინო და ალბერტო აკვილანი. ამბობენ, რომ ფლორენციული კლუბის ახლო გარემოცვის ნაწილს იტალიანოსთან კონფლიქტი აქვს. ცნობილი ამბავია, ფლორენციაში დიდი სიყვარულის გარდა დიდი გულის აცრუება და ცივი მოპყრობაც იციან.

და ბოლოს, „ფიორენტინას” მარცხის გამო იტალიის სერია A-ს ევროთასებზე ადგილი არ დაემატა, რითაც „ტორინომ” იზარალა.