33-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას ცხრა ძიუდოისტი დაემატა და პარიზის ტატამზე შერეული გუნდიც იასპარეზებს.
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ მოსულა, მაგრამ საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციამ უკვე დაადასტურა.
შესაბამისად 30 ივნისს, „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელთა შტაბმა, პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის, საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.
ოლიმპიადაზე ის ძიუდოისტები გაემგზავრებიან, რომელთაც თავიანთ წონებში ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვთ. რაც შეეხება შერეულ გუნდს, აქ ქალთა შორის სამი ლიცენზიანტი არ გვყავს, მაგრამ პარიზში ასპარეზობის შესაძლებლობა გუნდური რეიტინგის წყალობით მოვიპოვეთ. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ასეთი იქნება:
გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (66), ლაშა შავდათუაშვილი (73), ტატო გრიგალაშვილი (81), ლაშა ბექაური (90), ილია სულამანიძე (100) გურამ თუშიშვილი (+100), ეთერ ლიპარტელიანი (57), სოფიო სომხიშვილი (+78).
ამ ძიუდოისტებს შერეულ გუნდში ეთერ ასკილაშვილი (63) დაემატებათ.
ოლიმპიადაზე ძიუდოისტთა ტურნირი 27 ივლისიდან 3 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება.
შეგახსენებთ იმ 13 ლიცენზიანტსაც ვისაც ოლიმპიადაზე წასვლის უფლება აქამდე ჰქონდათ მოპოვებული:
გოდერძი ძებისაშვილი, გივი მაჭარაშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, გენო პეტრიაშვილი (ყველა თავისუფალი ჭიდაობა), რობერტ კობლიაშვილი, რამაზ ზოიძე (ორივე ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ნინო სალუქვაძეს (ტყვიის სროლა), ლაშა გურულს (კრივი), ლუბა გოლოვინას (ბატუტზე ხტომა), სანდრო ბაზაძეს (ფარიკაობა), შოთა მიშველიძე, ირაკლი ჩხეიძე, ლაშა ტალახაძე (ყველა ძალოსნობა).