უკვე 16 წელია ფუნქციონირებს ევროპის ფეხბურთის გულშემატკივართა კავშირი (FSE- Football Supporters of Europe). ამ ორგანიზაციის მიზანია ფანებს შორის დისკრიმინაციის და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, გულშემატკივართა შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბება და მათი დახმარება. FSE ამ საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობს უეფა-სთან და მასთან ერთად ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს.
 
FSE-ს ერთ-ერთი მიმართულებაა ფან საელჩოების ორგანიზება დიდ ტურნირებზე. რადგან საქართველო პირველად გავიდა დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე, შესაბამისად, საქართველოს ფან საელჩოც სწორედ წელს შეიქმნა.
 
რა არის ფან საელჩო და რას აკეთებს?
 
ფან საელჩო არის დამოუკიდებელი, მაგრამ აქვს კავშირი უეფასთან, ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტთან, ეროვნულ ფედერაციასთან, მასპინძელი ქალაქების ხელმძღვანელობასთან და ა.შ.
 
ფან საელჩოს მთავარი ფუნქციაა გულშემატკივრების დახმარება, მათთვის ინფორმაციის მიწოდება ფანების შეკრების ადგილებზე, ფანზონებზე, ფანებს შორის ამხანაგურ მატჩებზე, ფანების მსვლელობებზე, ტრანსპორტზე, სტადიონზე შესვლის პროცედურებზე, სტადიონზე აკრძალულ ნივთებზე თუ ქცევებზე და ა.შ.
 
ფან საელჩო არ ერევა იმ საკითხებში, რაც არის ეროვნული ფედერაციის პრეროგატივა და არ აქვს წვდომა ბილეთებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
 
ევრო 2024-თან დაკავშირებულ ინფორმაციებს იხილავთ საქართველოს ფან საელჩოს ფეისბუქ გვერდზე. ამის გარდა, ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩის მასპინძელ ქალაქში იქნება საქართველოს ფან საელჩო, რომელიც იმუშავებს მატჩის წინა დღეს და მატჩის დღეს. ნებისმიერ გულშემატკივარს შეეძლება მისვლა ფან საელჩოში და სხვადასხვა სახის ინფორმაციის თუ დახმარების მიღება.
ფან საელჩოების ლოკაციებს და სამუშაო დროებს ქალაქების მიხედვით იხილავთ შემდეგ პოსტებში.
ფან საელჩოს ორგანიზებას უკეთებს გულშემატკივართა ასოციაცია, რაიმე ჯგუფი ან რომელიმე კონკრეტული ადამიანი ინდივიდუალურად.
ევრო 2024-ზე საქართველოს ფან ელჩი არის გოჩა თანდარაშვილი, რომელიც რამდენიმე წელია ევროპის ფეხბურთის გულშემატკივართა კავშირის წევრია. მასთან ერთად ფან საელჩოებში იქნებიან გერმანიაში მცხოვრები ქართველები, რომლებიც მაქსიმალურად დაგეხმარებიან საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში.
 
ევრო 2024-ზე საქართველოს ფან საელჩოს მხარდამჭერია „ლიდერსპორტი“.
 
წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ნაკრებს და საქართველოს გულშემატკივრებს!
**********
ევროპის ჩემპიონატის დღეებში 2 აპლიკაცია დაგჭირდებათ- უეფას ევრო 2024-ის ოფიციალური აპლიკაცია და უეფას მობილური ბილეთების აპლიკაცია.
 
ბილეთების აპლიკაციას გამოიყენებთ მხოლოდ სტადიონზე შესავლელად, სადაც ჩამოტვირთულ ბილეთში მითითებული იქნება თქვენი ადგილები.
 
ევრო 2024-ის აპლიკაციას გაცილებით მეტი ფუნქცია აქვს: შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ტურნირის სიახლეებს, მატჩების ანგარიშებს, სტატისტიკას, სატურნირო მდგომარეობას. ამის გარდა, ამ აპლიკაციაში ივნისის დასაწყისში გადმოწერთ Fan pass-ს, რომლითაც შეძლებთ ფასდაკლების მიღებას შორი დისტანციის სამატარებლო რეისებზე და უფასო 36 საათიან მგზავრობას ახლო დისტანციებზე (თამაშის დღეს 06:00-დან მომდევნო დღის 18:00 საათამდე).
**********
წესები იგივეა, რაც იყო ევრო 2020 წელს. სტადიონზე დაშვებულია „პოვერ ბანკის“ შეტანა, რომელიც არ იქნება მობილურ ტელეფონზე დიდი ზომის. მაგრამ აკრძალულია ბევრი რამ:
 
კამერით ვიდეო გადაღება
დრონის გამოყენება
2-1.5 მეტრზე დიდი ზომის დროშა (განსაკუთრებულ შემთხვევაში შეთანხმებული უნდა იყოს ეროვნულ ფედერაციასა და უეფასთან)
21-30-სმ-ზე დიდი ზომის ხელჩანთები და ზურგჩანთები
ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი
პიროტექნიკა
აალებადი სპრეი
ადვილად აალებადი ნივთები
დიდი ზომის საგნები
იდენტობის ხელისშემშლელი ატრიბუტები
შუშის, პლასტიკის ან ალუმინის ქილები
ალკოჰოლის და ნარკოტიკის შეტანა
შინაური ცხოველების შეყვანა
საკვების შეტანა
ხმოვანი საყვირები
ქოლგა, ჩაფხუტი
რასისტული, ქსენოფობიური ან პოლიტიკური შინაარსის მასალა
ლაზერი
ნებისმიერი სარეკლამო შინაარსის მასალა
გაითვალისწინეთ, რომ ჩამონათვალი არასრულია და ადგილზე შეიძლება სხვადასხვა ნივთის შეტანა აგიკრძალონ. თქვენი ნივთების დატოვება შეგეძლებათ სპეციალურ ადგილებში, სადაც ნივთებს შეინახავენ და გამოსვლისას უკან დაიბრუნებთ.
**********
სულ 3 ეტაპია გასავლელი:
1. პირველ ეტაპზე თქვენ დაგხვდებიან სტიუარდები და მოხალისეები, რომლებსაც უნდა აჩვენოთ ბილეთი (5 წამი).
2. ამის შემდეგი ეტაპია ჩხრეკის პროცესი (12 წამი).
3. ბოლო ეტაპია ბილეთის სკანირება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მოხალისეები დაგეხმარებიან (5 წამი).
ეცადეთ, დატენილი გქონდეთ მობილური ტელეფონები. გაითვალისწინეთ, რომ სტადიონზე შეიძლება „პოვერ ბანკის“ შეტანაც, რომელიც ზომით არ აღემატება მობილურ ტელეფონს.