Nico Gonzalez and Giorgi Mamardashvili of Valencia CF celebrates after the team's victory in the LaLiga Santander match between Valencia CF and Real...დასრულდა ლა ლიგის სეზონი. მართალია, „ვალენსიამ” ბოლო ექვს ტურში ერთი თამაშიც ვერ მოიგო, მაგრამ ამ კლუბისთვის ის ცუდი არ ყოფილა. ახლა კი სატრანსფერო პერიოდი იწყება და თუკი „ღამურათაგან” ვინმე გაიყიდება, უპირველეს ყოვლისა ეს ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი იქნება. გიორგი „ვალენსიას” 2023-24 წლების ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია. მან 37 შეხვედრაში 3285 წუთი ითამაშა, გაუშვა 41 გოლი, 13-ჯერ კი კარი მშრალად შეინახა. სეზონის ბოლო დღეს ვიგოში მამარდაშვილმა „ჩეების” შემადგენლობაში მეასე მატჩი ჩაატარა და ინსტაგრამზე პოსტი დადო:

„გუშინ ამ მაისურით მეასე შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა, რითაც უკიდურესად ამაყი ვარ. სამი წლის მანძილზე „ვალენსიას” ღირსების დაცვა დიდი პატივი და პრივილეგიაა. ჩემთვის ძალიან ფასეული იყო მოედანზე გატარებული ყოველი წუთი, ყოველი ვარჯიში და ნებისმიერი გამოწვევა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც მხარში მედგა და მეხმარებოდა: თანაგუნდელებს, მწვრთნელებს და რასაკვირველია გულშემატკივარს. ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. წინ, მეტისკენ!”