ლონდონის „ტოტენჰემ ჰოთსპურ სთედიუმზე“ ევროპული საკლუბო სარაგბო სეზონის კულმინაცია გათამაშდა. ჩემპიონთა თასი ისტორიაში სარეკორდოდ, მეექვსედ ფრანგულმა „ტულუზმა“ დაისაკუთრა, ხოლო რანგით მეორე, ჩელენჯ თასზე ისტორია სხვა მიმართულებით წავიდა და ევროპული თასი პირველად წავა კონტინენტის საზღვრებს მიღმა – სამხრეთაფრიკული დურბანის „შარქსმა“ გამარჯვების წერტილი დაუსვა 2023/24 წლების გათამაშებას.

ჩემპიონთა თასი

ლენსტერი (ირლანდია) – ტულუზი (საფრანგეთი) 22:31 დ.დ. ( 15:15)

შაბათს ლონდონში დიდი რაგბი იყო. დიდი – ყველა გაგებით, რადგან ერთმანეთს უპირობოდ უძლიერესი კლუბები დაუპირისპირდნენ, რომლებიც შესაბამისად ირლანდიისა და საფრანგეთის ნაკრებთა საბაზო გუნდებად მიიჩნევიან, თან ისიც იყო აღსანიშნავი, რომ ორივე გუნდში – „ლენსტერშიც“ და „ტულუზშიც“ პლანეტის უკაშკაშესი ვარსკვლავები გამოდიან

მოლოდინმა გაამართლა და მაყურებელმა ჭეშმარიტად დიდი რაგბი იხილა. იყო დიდი ტაქტიკური ბრძოლა, არნახული ძალისმიერი ჭიდილი და ცალკეული ინდივიდუალისტების გაბრწყინებები. ძირითადი დრო 15:15 დასრულდა და დაინიშნა აქსტრატაიმები. აი, აქ კი ფრანგთა უკეთესმა ფიზიკურმა და მორალურმა მომზადებამ იჩინა თავი და შეუდარებელი ანტუან დიუპონის მეთაურობით „ტულუზმა 16 ქულა გააკეთა – მეტი, ვიდრე ძირითად 80 წუთში. ირლანდიელებმა ამ აღმაფრენას ვერაფერი დაუპირისპირეს და ზედიზედ მესამე საჩემპიოთათასო ფინალი წააგეს.

„ტულუზმა“ კი ეს ტიტული მეეწვსედ მოიპოვა და ამ მაჩვენებლით ისტორიული ლიდერობა უფრო მეტად გაიმყარა.

ჩელენჯ თასი

გლოსტერი (ინგლისი) – შარქსი (სამხრეთ აფრიკა) 22:36

რანგით მეორე ევროთასზე ბრძოლა არ შედგა. დურბანის „შარქსმა“ გიორგი კვესელაძის ყოფილ გუნდს განსაკუთრებული დაძაბვის გარეშე აჯობა, საბოლოოდ ორი გარდასახული ლელოს უპირატესობით იმარჯვა და რაგბის ისტორიაშიალბათ ყველაზე პარადოქსული ჩანაწერის ავტორი გახდა – პირველად მოხდა, რომ ევროპული საკლუბო თასი არაევროპულმა კლუბმა მოიგო. ესეც გლობალიზაციისა და რაგბის დაულაგებელი თუ პირიქით, ასე განგებ დალაგებული მეურნეობის ნაყოფია. „შარქსი“ კი მხოლოდ შექებას იმსახურებს.