Image galleryსეზონში 24 გოლი მესისა და რონალდუს საუკეთესო შედეგებისგან შორს არის, მაგრამ ესპანეთის 2023-24 წლების პიჩიჩის ანუ სეზონის საუკეთესო ბომბარდირს, 27 წლის უკრაინელ არტიომ დოვბიკს ფასს ნამდვილად უწევს. აგერ, „ჟირონას” თავდამსხმელის შეძენა „ნაპოლისაც” მოუნდა. მოგეხსენებათ, „აძური” ამ ზაფხულს ნიგერიელ ვიქტორ ოსიმენს უნდა გამოემშვიდობოს და მისი მემკვიდრის ძიებაშია.

საინტერესოა, რომ დოვბიკმა პიჩიჩის წოდება წუხელ, ლა ლიგის ბოლო ტურში გამობრდღვნა ხელიდან „ვილეარეალის” ნორვეგიელ თავდამსხმელ ალექსანდერ სორლოთს, რომელიც მას ორი გოლით უსწრებდა, მაგრამ ბოლო შეხვედრაში „ჟირონამ” თავი გაიგიჟა, „გრანადას” გრიგალივით 7:0 გადაუარა და სამი გოლი უკრაინელმა თავდამსხმელმა გაიტანა. საინტერესოა, რომ 2027-18 წლების სეზონში დოვბიკი და სორლოთი დანიურ „მიდტილანდში” ერთად თამაშობდნენ.

დოვბიკი მაღალია — 190 სანტიმეტრი. მიმდინარე სეზონში 21 იანვრიდან 31 მარტამდე გოლი ვერ შეაგდო, თორემ ოცდაათიან ნიშნულს გადასცდებოდა. დაინტერესებულმა ნეაპოლურმა საიტმა calciomercato-მ მოიძია ფორვარდთან დაკავშირებული ხუთი საინტერესო ფაქტი, რომელთაც ქვემოთ გთავაზობთ:

  • სამი წლის წინ ევრო 2020-ზე დოვბიკის გოლით უკრაინამ შვედეთი დაამარცხა და ისტორიაში პირველად გავიდა ამ შეჯიბრების მეოთხედფინალში.
  • დოვბიკი დაიბადა და გაიზარდა ჩერკასიში, შემდეგ გადავიდა „დნიპროში”, საიდანაც ცოტა ხნით მოლდოვური და დანიური კლუბები მოიარა, რის მერეც „დნიპროში” დაბრუნდა, ოღონდ ამ დროისთვის კლუბს უკვე „დნიპრო 1″ ერქვა. მას კოლაფსი ჰქონდა გამოვლილი.
  • თავდამსხმელის „ჟირონაში” გადავლას უკრაინაში რუსეთის შეჭრამ უბიძგა. კატალონიელებმა მასში სულ რაღაც 7 მილიონი ევრო გადაიხადეს, თუმცა ეს თანხა პატარ კლუბისთვის სარეკორდო ტრანსფერი აღმოჩნდა. პრეზენტაციაზე დოვბიკმა თქვა, რომ ეს ფაქტი მასზე არ მოქმედებს.
  • ის, რომ დოვბიკმა „ჟირონა” აირჩია დიდწილად მისი თანამემამულის ვიქტორ ციგანკოვის დამსახურებაა, რომელიც 2023 წლის იანვრიდან ამ კლუბშია და თავიდან არტიომის თარჯიმნის როლს ასრულებდა. დოვბიკი გოლს მარიო ბალოტელივით ზეიმობს, კუნთებს ჭიმავს, მაგრამ ამ დროს მაისურს არ იხდის და გვერდით როგორც წესი ბრაზილიელი იან კოუტუ უდგას. კოუტუ სიმაღლეში ლამის დოვბიკის ნახევარია.
  • დოვბიკს თავის დროზე „ტორინოში” გადასვლის შანსი ჰქონდა. ახლა მისი შეძენა „ნაპოლის” უნდა, მაგრამ „ჟირონა” მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს და ვითომ თავდამსხმელს აურელიო დე ლაურენტისის პრობლემებით სავსე კლუბი დააინტერესებს?