ჯაბა კანკავამ განცხადება გაავრცელა – ევრო 2024-ზე არ წავალო. მარტში კაპიტანი ნაკრებს დაუბრუნდა, მაშინ როცა ისტორიული საქმე იყო გასაკეთებელი, გუნდი ევროპაზე უნდა გასულიყო. მან მინდორზე მეტი გასახდელში გააკეთა.
იმ თამაშების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კადრი ის იყო – ცვლილებაზე შესულ კანკავას გურამ კაშიამ სამკლავური მინდორზევე რომ დაუბრუნა.
და რატომ თქვა ჯაბამ ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე უარი? მით უმეტეს გამოიძახებულ ფეხბურთელთა შორის რომ იყო…
ჯაბა განცხადებაში მიზეზს არ ასახელებს, გერმანიაში რიგით გულშემატკივრად გავემგზავრებიო. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ. მიზეზი ის ხომ არ არის, რუსეთის დედა გულმხურვალედ რომ მოიკითხა? გულშემატკივარი იკითხავს, იქ გიორგი ქოჩორაშვილი, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქვილითაია და ანზორ მექვაბიშვილი და სხვებიც იყვნენო. პირველ ყოვლისა, მათი მხარდაჭერა აქციაზე გამოსული ახალგაზრდების მიმართ ერთმნიშვნელოვანი იყო, თუმც ჯაბას 3 სიტყვა – ყველაზე გამომხატველობითი. შარშანაც ეს დაწერა და უკან არც ახლა დაიხია.
ბუდუ პირველი იყო ვინც ფეხბურთელთაგან პროტესტს გამოეხმაურა, მაგრამ განცხადების გაკეთებიდან ფეისბუქი (სადაც ეს განცხადება გააკეთა) რამდენიმე საათში გააუქმა. განცხადება უკან არ წაუღია, თქვა კიდეც, მომწყინდა სოციალური ქსელი და ამიტომ გავაუქმეო, მაგრამ, გვაპატიეთ, ასეთი დამთხვევების არ გვჯერა. საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები, რომლებიც ახლა მმართველ გუნდში არიან, ამბობენ ჩვენს მოთამაშეებზე ოპოზიციიდან ბულინგი მიმდინარეობსო. ნეტავ ქუჩაში გასულმა ახალგაზრდებმა იმაზე მეტი რა დააბულინგეს, როგორც მიხილ ყაველაშვილმა და შოთა ხაბარელმა ზივზივაძე?! – კამერების წინ…
ფიცი გვწამს, მაგრამ ეს ყველაფერი „გასახდელში“ სიტუაციის „დაჭერის“ მცდელობებად გვესახება. ვერაფერს ვამტკიცებთ, ფეხბურთელებმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს და ამხელა ტურნირის წინ სწორედ პასუხისმგებლიანი განცხადებებია, მაგრამ ლოგიკური ბმის უნარი არ დაგვიკარგავს. ისიც გვახსოვს კობიაშვილი როგორ აირჩიეს ან რაგბის კავშირში არჩევნები სპეც. რაზმმა რომ ჩაატარა.
ბოდიში, მაგრამ ტურის ვეგეტარიანელობის არ გვჯერა.
ჯაბა კანკავას განცხადება