როგორც ჩანს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიადან” წასვლა გადაწყვეტილი ამბავია. ასე ფიქრის საბას ის გვაძლევს, რომ „ღამურებმა” „რაიო ვალეკანოს” ჩრდილო მაკედონიელ მეკარესთან სტოლე დიმიტრიევსკისთან უკვე გააფორმეს წინასწარი კონტრაქტი. ამ ინფორმაციას „ტრიბუნა დეპორტივა” ავრცელებს. სეზონის ბოლოს დიმიტრიევსკის მადრიდულ კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება და ის თავისუფალი აგენტის სტატუსით შეძლებს „ვალენსიაში” გადასვლას. უფასოდ კარგი მეკარის ხელში ჩაგდება სწორედ ის არის, რაზეც „ჩეების” სინგაპურელი მეპატრონეები ოცნებობდნენ.

დიმიტრიევსკის როგორც ჩრდილო მაკედონიელს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ოთხ შეხვედრაში აქვს ნათამაშევი, მათ რიცხვში 2020 წლის 12 ნოემბერს, როდესაც მაკედონიელებმა უმაყურებლოდ დატოვებულ საქართველოს ნაკრებს თბილისში გორან პანდევის გოლით 1:0 მოუგეს და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს. დიმიტრიევსკი 30 წლისაა. კარიერის განმავლობაში უთამაშია „რატოტნიჩკიში”, „გრანადაში”, „ხიმნასტიკში” სადაც ოთარ კაკაბაძის თანაგუნდელი იყო და „რაიო ვალეკანოში”. ეროვნული გუნდის კარი 68 შეხვედრაში დაიცვა.

რაც შეეხება მამარდაშვილს, მის შესაძენად ჯერჯერობით ყველაზე მეტად „ნიუკასლ იუნაიტედი” აქტიურობს. ამბობენ, რომ „კაჭკაჭები” ქართველ მეკარეში 40 მილიონ ევროს გადაიხდიან.