ჭორები, თითქოს საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას” მეკარის გიორგი მამარდაშვილის შეძენით „ნიუკასლ იუნაიტედია” დაინტერესებული, რამდენიმე დღეა ინგლისურ პრესაშიც ტრიალებს. „თაიმსმა” დაწერა, რომ პრემიერლიგის კლუბი გიორგის სანაცვლოდ დაახლოებით 40 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.
ინგლისური გაზეთის ინფორმაციით „კაჭკაჭებს” ზაფხულში 32 წლის ნიკ პოუპის შეცვლა სურთ. პოუპის კონტრაქტს ვადა შემდეგ სეზონში ეწურება, თუმცა მამარდაშვილი ნიუკასლელ დირექტორთა სიაში მარტო არ არის. მის გარდა კლუბი „არსენალის” 26 წლის მეკარის აარონ რამსდეილის გადასაბირებლადაც მუშაობს. ან ერთი გამოუვა ან მეორე.
„ნიუკასლი” პრემიერლიგაში მე-7 ადგილზე გავიდა და მომავალ სეზონში ევროთასებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ შაბათს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში „მანჩესტერ სიტი” „მანჩესტერ იუნაიტედს” მოუგებს.
ამასთან დაკავშირებით ესპანური AS წერს, რომ გიორგი მამარდაშვილი დღეს ევროპის ერთ-ერთი ელიტარულ მეკარეთაგანია, რომელმაც „ვალენსიაში” საოცარი სეზონი ჩაატარა და ამიტომ „ნიუკასლის” გარდა ბევრი სხვა მთხოვნელიც ეყოლება. ზოგადად ქართველი „მესტალიაზე” თავს ბედნიერად გრძნობს, მაგრამ კლუბი მას ფულის გამო გაყიდის. გარდა ამისა, „ვალენსია” მომავალ სეზონში ევროთასებზეც ვერ გადის და ამიტომ არც მწვრთნელი რუბენ ბარახა შეეცდება კლუბის ხელმძღვანელები დაარწმუნოს, რომ გიორგი გუნდში სჭირდება.