2023-2024 წლების საფეხბურთო საკლუბო სეზონი თითქმის ევროპის ყველა ქვეყანაში დასრულდა. ახლა ჩვენი ლეგიონერები ცოტას შეისვენებენ და 27 მაისიდან სანაკრებო შეკრებაზე გადავლენ, თანაც როგორზე… წინ ევრო 2024-ის ფინალური, ჩვენთვის ისტორიული ეტაპია.
ახლა თვალი გადავავლოთ ჩვენი მონაკრებე ლეგიონერების მონაგარს.
სულ ახალი ამბავი ავსტრიიდან მოვიდა, ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ ქვეყნის თასს ჩემპიონობაც დაუმატა. ჩვენებური კი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. კიტემ სეზონში 40 მატჩი ჩაატარა, 11 ბურთი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტურში ელვერსბერგს სტუმრად 3:0 მოუგო და საბოლოოდ მე-5 ადგილი დაიკავა. ამ მატჩის პირველი ბურთი ზივზივაძემ გაიტანა 52-ე წუთზე. ამრიგად, ბუდუს ჯამში 31 მატჩში 12 გოლი და 1 ასისტი მოუგროვდა. ეს მხოლოდ კლუბში…
გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ ფრანგული ლიგა 1-ის ბოლო ტურში პსჟ-სთან 0:2 დამარცხდა, თუმცა პირდაპირ გავარდნას გადაურჩა და ახლა ფლეი ოფს ითამაშებს. მიქაუტაძის მონაგარი კი ასეთია: 20 მატჩი, 13 გოლი და 4 ასისტი. ის „მეცისთვის“ შეუცვლელ ფეხბურთელად გადაიქცა.
ფრანგულ ლიგა 2-ში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა „ბორდოს“ შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა. „პოსთან“ შეხვედრაში მან ერთი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ზურიკოს სეზონური მონაგარი ასეთია: 39 მატჩი, 8 გოლი დ ამდენივე ასისტი. ბორდომ ჩემპიონატში მე-12 ადგილო დაიკავა.
იტალიური სერია A-ს ბოლოსწინა ტურში „ნაპოლიმ“ სტუმრად „ფიორენტინასთან“ 2:2 ითამაშა. ფანტასტიკური გოლი გაიტანა საჯარიმოდან ხვიჩა კვარაცხელიამ და მეტოქეთა დირექტორს, დანიელე პრადეს ათქმევინა: კვარაცხელიამ ბალისტიკური დარტმით გაგვიტანაო.
ხვიჩას მონაგარი ასეთია: 44 მატჩში 11 გოლი გაიტანა, შვიდი საგოლე პასი მიითვალა და სამჯერ პენალტი მოიპოვა. კონკრეტულად სერია A-ში კი – 33 მატჩი, 11 გოლი, 6 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.
გიორგი მამარდაშვილმა „ჟირონასთან“ მატჩში (1:3) ჩვეულად კარგი იყო, ორჯერ ბურთი ეფექტურად მოიგერია. თანაც „ვალენსიას“ უკაპიტნა, რაც ამ სეზონში უკვე მეორედ მოხდა. ქართველმა მეკარემ 36 შეხვედრაში 42 გოლი გაუშვა ხოლო 13 მატჩში კარის მშრალად შენახვა შეძლო (რაც საკლუბო რეკორდია). საყოველთაო აზრით, მას ესპანეთში სეზონის საუკეთესო მეკარედ დაასახელებენ.
„ვალენსია“ პრიმერა დივიზიონის ცხრილში მე-9 ადგილზეა.
გიორგი ქოჩორაშვილმა ბოლო დროს შეაყვარა მაყურებელს თავი და ევროზეც მისი გვეიმდება. მისი „ლევანტე“ ესპანურ სეგუნდა დივიზიონში მეათე ადგილზეა. ქართველმა კი ამ სეზონში 23 მატჩში 2 ბურთი გაიტანა.
მანამდე გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ „სლოვანთან“ ერთად სლოვაკეთის ჩემპიონობა მოიპოვეს, გიორგი ქვილითაიამ და ლაშა დვალმა – „აპოელთან“ ერთად კვიპროსის. გიორგი გოჩოლეიშვილმა და ირაკლი აზაროვმა კი უკრაინული დუბლი შეასრულეს – „შახტართან“ ერთად ქვეყნის ჩემპიონატიც მოიგეს და თასიც.