საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ორ წამყვან ლიგაში ბევრი რამ გაირკვა. პრო დ2-ში რეგულარული სეზონი დასრულდა, გამოვლინდა ტოპ 14-ში ასვლისთვის მებრძოლი ექვსეული, ნასიონალ 1-ში დასაქვეითებელი კლუბიც და ნასიონალის ფინალში დამარცხებულთან პლეი-ოფის მონაწილეც. ცხადია, ნასიონალის ჩემპიონის ვინაობაც გამოვლინდა. ტოპ 14-ში კი ის ვიცით, რომ „ტულუზი“ და „სტად ფრანსე“ პლეი-ოფის მონაწილეები აუცილებლად იქნებიან, ხოლო „მონპელიე“ და „ოიონაქსი“ აუტსაიდერებად დარჩებიან.

ტოპ 14

„ტულუზმა“ გასვლით მატჩში „მონპელიეს“ 29:22 მოუგო და ლიდერობა შეინარჩუნა. დამარცხებულთა შორის ლუკა ჯაფარიძემ ითამაშა, მისმა გუნდმა კი 40 ქულით მე-13 ადგილი დაიბევა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავარ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად „მონპელიეს“ პრო დ2-ის პლეი-ოფის ფინალში დამარცხებულთან მოუწევს რკენა.

მეორე ადგილზე „სტად ფრანსე“ დარჩა, რომელმაცშინ „ბორდოს“ დაძაბული ბრძოლა 22:18 მოუგო. პარიზელთა შორის მეორე ტაიმში სერგო აბრამიშვილი და გიორგი მელიქიძე გამოჩნდნენ.

„ტულონმა“ „ოიონაქსი“ სტუმრად 27:17 დაამარცხა და ეს უკანასკნელი გასავარდნად გაწირა. ამდენად, „ოიონაქსსა“ და ვასილ ლობჟანიძეს მომდევნო სეზონის გატარება პრო დ2-ში მოუწევთ. ბექა გიგაშვილის „ტულონი“ კი მე-4 საფეხურზე დამკვიდრდა და პლეი-ოფის მონაწილეობის დაბევებასთან ძალზე ახლოსაა.

საპლეიოფო ზონის ბოლო, მე-6 საფეხურზე კი გურამ გოგიჩაშვილის „რასინგ-92“-ა, რომელმაც ლიონში დავით ნინიაშვილის გუნდთან 14:20 წააგო, „ლიონმა“ კი ამ გამარჯვებით ტოპ 14-ში ადგილი გარანტირებულად შეინარჩუნა.

ტურში კიდევ ორმა ბორჯღალოსანმა მიიღო მონაწილეობა: გელა აფრასიძე ბოლო 12 წუთში თავის „ბაიონს“ „პერპინიანის“ დამარცხებაში (23:20) წაეხმარა, ბექა გორგაძემ კი „ლა როშელთან“ ბასკურ „პოს“ სანუგეშო ბონუსი (23:25) 80-წუთიანი სტაბილური თამაშით ააღებინა..

ამ ლიგის რეგულარულ პირველობაში კიდევ ორი ტურია გასამართი.

პრო დ2

პრო დ2-ში კი რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა და უქმეების ერთადერთი  ქართული ლელო ამ ტურნირის გამარჯვებულის ჩატვლის მოედანზე დაიდო. „პროვანსმა“ შინ „გრენობლს“ ბონუსით, 44:20 მოუგო და 95 ქულით რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა. „ალპელთა“ ქართველმა ბურჯმა ლუკა გოგინავამ კი ლიდერი 23-ე წუთზე დაალელოვა. ეს იყო სეზონში ლუკას მეორე ლელო (22 მატჩში), ხოლო ჯამში მისი კარიერა პრო დ2-ის  114 მატჩსა და 8 ლელოს ითვლის.

„პროვანსმ“ ამ წარმატებას ქართველების გარეშე მიაღწია, ისევე, როგორც „ვანმა“ რომელიც პროვანსელების დარად, პლეი-ოფში მეორე წრიდან ჩაერთვება.

პლეი-ოფის პირველ წრეში კი „ბეზიე“ „ბრივს“ უმასპინძლებს, ხოლო „გრენობლი“ – „დაქსს“.

რაც შეეხება ცხრილის ქვედა ნაწილს, ბოლო ადგილზე „რუანი“ გავიდა, რომელიც მომდევნო სეზონს ნასიონალ 1-ში გაატარებს, ხოლო ბოლოსწინა ადგილზე „მონტობანი“ გავიდა“ რომელიც პრო დ-ში ადგილის შენარჩუნებას ნასიონალ 1-ის ფინალში დამარცხებულთან ჯახში შეეცდება.

ნასიონალ 1

ამ პროფესიულ ლიგაში საჩემპიონო პლეი-ოფი „ნიცამ“ მოიგო, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში „ნარბონს“ 39:30 მოუგო. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ სეზონში პრო დ2-ში „ნიცა“ იასპარეზებს, ხოლო „ნარბონი“ ამ პატივის მიღებას „მონტობანის“ ძლევის გზით ეცდება.