პირველ საჭიდაო დღეს საქართველოს ღირსებას გიორგი სარდალაშვილი (60კგ) იცავდა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ქართული ჰიმნიც ააჟღერა.
სარდალაშვილმა მეთექსმეტედფინალში ჩრდილოკორეელ კვან ჯინ ჩაეს ვაზარით აჯობა; მერვედფინალში გიორგის მეტოქე ტაიპეელი ჩონ იუ ლინი იყო, ვისაც 15 წამში იპონით მოუგო; მეოთხედფინალში ჩვენებურის წინ აზერბაიჯანელი თურან ბაირამოვი დადგა. თავიდან გიორგი ვაზარით ჩამორჩა, მაგრამ 39 წამით ადრე გათანაბრება მოახერხა, ხოლო შემდეგ შებოჭვაზე დაიჭირა მეტოქე და ნახევარფინალში გავიდა. ფინალში გასასვლელად სარდალაშვილს ძლიერი მეტოქე ჰყავდა – იაპონელი ტაიკი ნაკამურა. ქართველმა ძიუდოისტმა წუთით ადრე მეტოქეს ვაზარი აართვა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა. ოქროს მედლისთვის სარდალაშვილის მეტოქე ტაიპეის წარმომადგენელი ვეი იან იუნი იყო. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალიც მაღალ დონეზე ჩაატარა და ოქროს მედალიც ღირსეულად დაისაკუთრა. ეს 20 წლის ძიუდოისტის მეორე მედალია მსოფლიო ჩემპიონატზე. შარშან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, წლეულს კი ხარისხი გააუმჯობესა… ხვალ ქართველთაგან ტატამზე ვაჟა მარგველაშვილი (66) და ნინო ლოლაძე (57) გავლენ.