Giovanni Di Lorenzo of SSC Napoli during the Serie A TIM match between SSC Napoli and AS Roma - Serie A TIM at Stadio Diego Armando Maradona on April...„ნაპოლის” კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოს აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ TvPlay-ს ეთერით განმარტა, თუ რა ხდება მისი კლიენტის თავს, რატომ არ იყო ის „ფიორენტინასთან” შეხვედრაში მოედანზე და რამ გააბრაზა.

„ჩვენ ვაპირებთ ვუჩივლოთ ჟურნალისტს, რომელმაც დი ლორენცოს მოწამვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ასეთი ტყუილებით ამ კაცმა ცეცხლს ნავთი დაასხა. წერილს რომ ვკითხულობდით ყბა ჩამოგვივარდა. იმ ხალხის წარმოსახვას, ვინც მსგავს ტექსტებს წერს, საზღვარი არ აქვს. თან ეს ბოროტი ფანტაზიაა. ეს მართლაც არნახული ბოროტებაა.

როდესაც ფეხბურთელის თამაშს აკრიტიკებენ მე პრობლემა არ მაქვს, მაგრამ დაუშვებელია შეეხო კაცის ღირსებას, მითუფრო ისეთი კაცისას, როგორიც არის დი ლორენცო. ასე შეიძლება პროფესიონალისა და სანიმუშო ადამიანის ზნეობრივი თვისებებიც კი დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ”.

შემდეგ ჯიუფრედიმ მოყვა თუ რა დაემართა „ნაპოლის” კაპიტანს, რატომ ვერ მიიღო მან მონაწილეობა თამაშში.

„იმ დღეს, საუზმის შემდეგ დი ლორენცოს კუჭ-ნაწლავის სერიოზული პრობლემები დაეწყო. მართლა ძალიან ცუდად იყო. ასეთ პირობებში ის ფეხბურთს ვერაფრით ითამაშებდა. ჯოვანი სასტუმროში დარჩა. მას ძალიან უნდოდა სტადიონზე წასულიყო და ტრიბუნიდან მაინც დაეჭირა ბიჭებისთვის მხარი, მაგრამ ვერ შეძლო.

შემდეგ მდგომარეობა გაუარესდა. იცით, რატომ უნდა შევარცხვინოთ ის ბატონი ცილიმწამებლური წერილისთვის? იმიტომ, რომ როდესაც გუნდი თამაშის შემდეგ სასტუმროში დაბრუნდა, დი ლორენცო ფაქტობრივად გონებადაკარგული დახვდა. წარმოგიდგენიათ, სასტუმროში დაბრუნებულებს ჯოვანის ოთახის სათადარიგო გასაღების აღება მოუხდათ, შიგნით რომ შესულიყვნენ. და ასეთ დროს გამოჩნდა სამარცხვინო ადამიანი, რომელმაც „ნაპოლის” ბოლოდროინდელ ისტორიაში ყველაზე დელიკატურ მომენტს ცეცხლზე ნავთი დაასხა.

ჯოვანიმ ბევრი სითხე დაკარგა და ახლა გამოსაჯანმრთელებლად რამდენიმე დღე დასჭირდება. ის უკეთაა და კვალავ ვერ ხვდება, რატომ არ აქვს ხალხის სიგიჟეს ზღვარი.

დი ლორენცო ჯენტლმენია. მე მის ადგილზე ათასჯერ მძაფრ პასუხზე ვიფიქრებდი, მას კი სოციალური მედიით უნდა თავისი სიმართლის თქმა. ხომ წარმოგიდგენიათ, კაცი, რომელიც სასტუმროში ფაქტობრივად გონებადაკარგული იპოვეს, მეორე დღეს ასეთ რამეს კითხულობს”.