საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ორ მთავარ ლიგაში რეგულარული სეზონი იწურება და ეს სწორედ ის დრო ყოფილა, როცა ქართველი ლეგიონერები ძალიან პროდუქტიულები გახდნენ. უკვე მერამდენე უქმეებია, ჩვენი ბიჭები მრავალ ლელოს დებენ და თავიანთი კლუბების შედეგებს განსაზღვრავენ.

გასულ უიქ-ენდზე ტოპ 14-სა და პრო დ2-ში ჯამურად 5 ქართული ლელო, 2 გარდასახვა და 3 ჯარიმა გავიდა, რამაც სათაურში გამოტანილი 38 ქულა შეადგინა.

ტოპ 14

„მონპელიეს“ თავზე შავი ღრუბელი რახანია ტრიალებს და ამ გუნდის წარუმატებლობებს ბოლო არ უჩანს. რეგულარულის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ეს კლუბი ბოლოსწინა ადგილზე რჩება. გასულ ტურში „მონპელიე“ კასტრში 26:27 დამარცხდა და ოდენ ბონუსს გამორჩა. შეცვლაზე შესულმა ლუკა ჯაფარიძემ კი ბურთთან პირველივე შეხება ლელოთი დაასრულა. ეს იყო ბორჯღალოსანი ბურჯის პირველი ლელო სეზონში ჩატარებულ მე-8 მატჩში, სულ კი მის ანგარიშზე ტოპ 14-ის მე-2 ლელო 45 მარჩში.

„მონპელიე“ მხოლოდ „ოიონაქსს“ უსწრებს“, რომელმაც ბასკეთში სტუმრობა უშედეგოდ დაასრულა – „პომ“ 39:17 მოუგო. მასპინძელთა პირველი ლელო ბექა გორგაძემ მიითვალა, რომელმაც თავი უკვე მე-4 წუთზე გამოიჩინა. ეს იყო ბექას მე-2 ლელო სეზონის  მე-11 თამაშში, სულ კი მას ტოპ 14-ის 70 მატჩი და 11 ლელო დაუგროვდა.

ლიგას ახალი ლდერი ჰყავს: საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა და ჩემპიონთა თასის ფინალში ახალგასულმა „ტულუზმა“ ყოფილი ლიდერი „სტად ფრანსე“ 49:18 გაანადგურა და ლიდერობა ჩამოართვა. პარიზელთა შორის გიორგი მელიქიძემ ითამაშა.

მოწინავეთა შორის მე-4 საფეხურზე „ტულონი“ დამკვიდრდა, რომელმაც ბექა გიგაშვილის დახმარებით „ლიონს“ 30:24 მოუგო.

პრო დ2

„ბრივმა“ ტურის მთავარი მოულოდნელობა შექმნა – გასვლაზე 26:21 აჯობა „ვანს“, რომელმაც ამ წაგების გამო ცხრილის ლიდერობა დაკარგა. ჩვენთვის სასიამოვნო კი ის ამბავი გახლდათ, რომ ბრიველთა შემადგენლობაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გიორგი შველიძე გამოჩნდა – სახელოვანი ბორჯღალოსნის გოდერძი შველიძის უფროსი ვაჟი. ჰოდა, ამ ჩვენმა შველიძე-უმცროსმა ისეთი ამბები დაატრიალა, რო საბოლოოდ ტურის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. გიორგიმ ერთი შესანიშნავი ლელო თავად გაიტანა, ხოლო კიდევ ერთი მის საოცარ გარღვევას მოჰყვა. 20 წლის შუამარბმა მატჩი საკუთარ ბენეფისად აქცია და პროფესიული კარიერის სადებიუტო სეზონში გამართულ მე-6 მატჩში მეორე ლელო მიითვალა. „ბრივმა“ კი ამ დაუგეგმავი გამარჯვებით ბოლო ტურის წინ მე-6, ბოლო საპლეიოფო ადგილზე ასვლა მოახერხა.

„ბეზიემ“ კი, როგორც იქნა, ნაცსი გატეხა და გამარჯვება იზეიმა – შინ „ნევერს“ 20:16 აჯობა. თანაც მასპინძლებს მოგება ლუკა ჭელიძემ მოუტანა, რომელმაც გაწითლებულ დროში გაიტანა ლელო და თავისი გუნდი დააწინაურა. ეს იყო ლუკას პირველი ლელო სეზონის მე-7 თამაშში, სულ კი მას პრო დ2-ში 31 მატჩი და 2 ლელო აქვს.

კიდევ ერთი ლელო კი, რაღა თქმა უნდა, კვლავ გიორგი ჯავახიამ მიითვალა. ბოლო დროს საოცარ ფორმაში შესულმა ბორჯღალოსანმა მეორეხაზელმა ზედიზედ მესამე ტურში შეძლო თავის გამოჩენა და მისი პირადი მონაგარი ამიერიდან 108 მატჩსა და 15 ლელოს შეადგენს, ხოლო მიმდინარე სეზონში კი გიორგიმ 20 მატჩი და 8 ლელო მიითვალა. „გრენობლმა“ კი, ბონუსით – 29:10 მოიგო და პლეი-ოფში გასვლა გაინაღდა.

„მონტობანმა“ 26:24 ლიდერთა ჯგუფიდან ამოვარდნილ „მონ-დე-მარსანს“ კი მოუგო, მაგრამ ბოლოსწინა, გასავარდნი პლეი-ოფის ადგილზე მაინც დარჩა. მონტობანელთა ლიდერობა კვლავ თედო აბჟანდაძემ ითავა, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, 2 ლელო გარდასახა და ზედაც 3 ზუსტი ჯარიმა დაურთო. მიმდინარე სეზონში თედოს მონაგარი 6 მატჩში 35 ქულას გაუტოლდა, სულ კი, პრო დ2-ში ბორჯღალოსან მგეზავს 18 მატჩში დაგროვილი 99 ქულაა.