Giorgi Mamardashvili of Valencia CF reacts during the LaLiga EA Sports match between Granada CF and Valencia CF at Estadio Nuevo Los Carmenes on...„ჩემი ოცნება „ვალენსიაში” დარჩენაა, მაგრამ ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული”, — თქვა გიორგი მამარდაშვილმა კვირას „მესტალიაზე” „რაიო ვალეკანოსთან” 0:0-ის შემდეგ. მეკარეს კარგად ესმის, რომ მისი სურვილისგან დამოუკიდებლად ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე შეიძლება „ვალენსიას” მთავარ კოზირად იქცეს, მითუფრო თუ გუნდი ევროთასებზე ვერ გავა. არადა, ყველაფერი სწორედ ამისკენ მიუთითებს. „ჯერაც არ ვიცი რა მოხდება. დავიცადოთ და ვნახოთ”, — ამბობს გიორგი, რომელზეც „ვალენსიასთვის” დამახასიათებელი გაურკვევლობა სხვებსავით მოქმედებს. ეს გაურკვევლობა კლუბს მას მერე დასჩემდა, რაც მას „მერიტონი” (პრეზიდენტ პიტერ ლიმის კომპანია) მართავს.

მეკარემ საჯაროდ განაცხადა, რომ „მესტალიაზე” დარჩენა სურს, მაგრამ ლიმი უკვე წლებია პერსონალზე ფულის დაზოგვის პოლიტიკის ერთგულია და მოახლოებული ზაფხულიც უეჭველად ამ პოლიტიკის მსხვერპლი გახდება. თან მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ისე ითამაშა, რომ მისი საბაზრო ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა და კლუბი მასზე დიდი ფულის შოვნას აპირებს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ვალენსიამ” მამარდაშვილის შესაძენად სულ რაღაც მილიონი ევრო დახარჯა, სამიოდე წლის შემდეგ კი მისი საბაზრო ღირებულება შეიძლება 35 მილიონს გადასცდეს. ბაზარსა და ფასებზე სპეციალიზებული პორტალის Transfermarkt-ის ბოლო მონაცემით ის ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა, მსოფლიოში კი დიოგო კოშტას, ჯანლუიჯი დონარუმას, გრეგორ კობელის, ედერსონის, ანდრე ონანასა და მაიკ მენიოს შემდეგ მეშვიდეა. ამასთან, ამ მეკარეების უმრავლესობა მიმდინარე სეზონს ვალენსიელი გოლკიპერივით ძლიერად ვერ ასრულებს.

სწორედ დიდებული სეზონის გამო აქვს მამარდაშვილს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოს სახელი და მის გამო ეყოლება ზაფხულში ბევრი მთხოვნელი. უკვე რამდენიმე თვეა დადის ხმა, რომ გიორგის მიმართ პრემიერლიგის კლუბები იჩენენ ინტერესს, თუმცა ჯერ რომელიმე მათგანს ოფიციალური განაცხადი არ გაუკეთებია. ამ ეტაპზე ცხადი მხოლოდ ის არის, რომ როგორც კი სატრანსფერო ბაზარი გაიხსნება, მას ბევრი გუნდი „დაესხმება თავს”, მითუფრო თუ „ვალენსია” ღიად გამოაცხადებს, რომ მამარდაშვილს ჰყიდის. ასეთი სცენარი კი იმაზე მიუთითებს, რომ „ვალენსიას” არაერთგზის მხსნელი „მესტალიზე” თავისი ხანმოკლე კარიერას დაასრულებს.

მსოფლიოს საუკეთესოობაზე ლაპარაკი შესაძლოა ჯერ გადაჭარბებულია, მაგრამ ამ სეზონში მამარდაშვილი ლა ლიგის საუკეთესო მეკარე რომ იყო, ამას ვერავინ უარყოფს. ეს სტატისტიკაშიც აისახება. ქართველმა ლა ლიგაში 8.4 გოლისგან დაიცვა კარი, რაც ესპანეთში საუკეთესო, ევროპაში კი მეორე შედეგია. და ეს ყველაფერი შეძლო 23 წლის მეკარემ, რომელსაც სრულყოფილება ჯერ კიდევ წინ აქვს.

რაფა ხარკე, superdeporte