იტალიურ მედიაში უკვე ყოველდღე ლაპარაკობენ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ. გუშინ რომაულმა „კორიერე დელო სპორტმა” დაწერა:
„ნაპოლის კვარას დაკარგვა არ სურს, კლუბის ხელმძღვანელობას ამის დაშვებაც კი არ უნდა, მაგრამ თუ ის ნეაპოლიდან მაინც წავა, ეს უნდა მოხდეს ისეთი შეთავაზების შედეგად, რომელიც პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შოკს მოჰგვრის. ერთი წლის წინ ქართველი ტალანტი ფასდაუდებელი იყო, თუმცა დღეს, ინდივიდუალური თუ გუნდური ჩავარდნებით სავსე სეზონის ბოლოს, კლუბი მას მაინც სულ მცირე 130 მილიონ ევროდ აფასებს.
„ნაპოლიმ” პსჟ გააფრთხილა: ის მარგალიტია, საკოლექციო ნიმუში, რომლითაც დე ლაურენტისი ახალ მწვრთნელთან თავის მოწონებას აპირებს. სხვა სიტყვებით პრეზიდენტს კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლება უნდა. მოლაპარაკებები სრული სვლით მიმდინარეობს. „რომასთან” შეხვედრის დღეებში ის შეხვდა ფეხბურთელის აგენტს მამუკა ჯუღელსა და მამას ბადრი კვარაცხელიას. მხარეები მალე კვლავ მიუსხდებიან მოლაპარაკებათა მაგიდას”.