„ვალენსიას” მიერ მოპოვებულ ქულას გიორგი მამარდაშვილის სახელი ჰქვია”, — წერს გავლენიანი ესპანური გაზეთი AS და დასძენს, რომ მართალია გუნდებმა ერთმანეთს კარში დაახლოებით ერთი და იმავე რაოდენობით დაურტყეს, ის, რომ მასპინძლები ხახამშრალნი არ დარჩნენ მამარდაშვილის დამსახურებაა. შემდეგ AS შეხვედრის მომენტებს აღწერს: ქართველმა მეკარემ პირველ ტაიმში სერხიო კამელოს აუღო ურთულესი დარტყმა, მეორეში კი სამჯერ საბედისწერო მომენტში იხსნა კარი: პირველად, როდესაც უნაი ლოპესის დარტყმული ჩენკის ფეხმა აისხლიტა და მიმართულება იცვალა, მამარდაშვილი კი თითის წვერებით მიწვდა ბურთს და კუთხურზე გადააგდო. და მანამდე, რამდენიმე წუთით ადრე, როდესაც გიორგიმ პირისპირ შესულ ალვარო გარსიას არ გაატანინა, ხოლო შემდეგ მოგერიებულ ბურთსაც მეტოქეზე ადრე სწვდა.
საგოლე მომენტები ჰქონდა „ვალენსიასაც”, რომელთაგან ყველაზე აშკარა რომან იარემჩუკმა გაატანა ქარს.

„მამარდაშვილი „ვალენსიასთვის” მეტისმეტია”, — წერს AS მეორე სტატიაში და დასძენს, რომ თუ ამ ზაფხულს „ღამურები” ქართველს გაყიდიან, მომდევნო სეზონში იგრძნობენ, თუ რა დაკარგეს.

საინტერესოა, რომ „ღამურებისა” და მადრიდის გარეუბნელების შეხვედრაში კარგად ითამაშა სტუმრების ჩრდილომაკედონიელმა მეკარემ სტოლე დიმიტრიევსკიმაც, რომელსაც „ვალენსიაში” გიორგის შემცვლელად მოიაზრებენ, მაგრამ „მესტალიაზე” მამარდაშვილის პოპულარობა იმდენად დიდია, რომ ტრიბუნები მღეროდნენ: Giorgi, quédate ანუ გიორგი, დარჩი.

მატჩის შემდეგ მამარდაშვილმა თქვა: „ლა ლიგაში გამარჯვება რომ ძალიან ძნელია, ყველამ ვიცით. ბრძოლა ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ. წინ ჯერ კიდევ სამი შეხვედრაა.

ვფიქრობ, დღეს ბურთის ფლობისას კონტროლი და სიმშვიდე დაგვაკლდა. გამარჯვებისთვის მეტი მემონტის შექმნაა საჭირო.

ამჯერად ვერ მოვიგეთ, მაგრამ „მესტალიაზე” ბევრჯერ გაგვიმარჯვია, ამიტომ თავი მაღლა უნდა ავწიოთ და ბრძოლა განვაგრძოთ. ჩემპიონატი შეძლებისდაგვარად საუკეთესო ადგილზე უნდა დავასრულოთ.

ერთი თამაშით დისკვალიფიცირებული ვიყავი. რთულ მომენტში ხალხი ძალიან დამეხმარა, მხარში მედგნენ, მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ის, რაც „ბარსელონასთან” შეხვედრაში მოხდა, გულსატკენი იყო, რადგან გუნდმა შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩაატარა. დღევანდელ შეხვედრას კი მოუთმენლად ველოდი. კარგად თამაში ძალიან მჭირდებოდა”.