საქართველოს ხელბურთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი ოფის მეორე მატჩიც წააგო ავსტრიაში და მონდიალს მიღმა დარჩა. ტიტე კალანდაძის გუნდი სტუმრად 31:37 დამარცხდა.
თბილისური შეხვედრა ორი ბურთით დავთმეთ და სტუმრად მინიმუმ ასეთივე სხვაობით უნდა მოგვეგო, თუმცა, ავსტრიელებმა ამის საშუალება არ მოგვცეს და საწყის წუთებშივე ოთხი ბურთით გაგვექცნენ და კომფორტული უპირატესობა დაიბევეს.
ტაიმიც ასეთი სხვაობით წავაგეთ – 17:21. ანალოგიურად წარიმართა მეორე ტაიმიც – მასპინძლები მიახლოვების საშუალებას არ გვაძლევდნენ, ბოლოს კი სულაც ექვსი ბურთით მოიგეს.
ჩვენი გუნდი უკვე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება. ეს კი შემოდგომაზე იქნება – 6-7 ნოემბერს სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება, ხოლო 9-10 ნოემბერს ისლანდიას დაუხვდება.