საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი ოფის პირველ მატჩში შინ ავსტრიას დაუხვდა და მაგარი ბრძოლაც გაუმართა. თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე ფავორიტად შერაცხულ ავსტრიელებთან მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ 25:27 დავმარცხდით.

მატჩი წავაგეთ ერთ პატარა მონაკვეთში, როდესაც როგორც დაცვაში, ისე შეტევაში კონცენტრაცია დავკარგეთ.

თამაში თანაბრად დაიწყო, მერე ტიტე კალანდაძის გუნდი „აფეთქდა“ და ტაიმის შუაში 8:5 დაწინაურდა. თუმცა, ეს უპირატესობა ბოლომდე ვერ შეინარჩუნა და გუნდები შესვენებაზე თანაბრად გავიდნენ – 12:12. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი გუნდი პირველ ტაიმში კუთხის ხელბურთელებს თითქმის არ იყენებდა და ძირითადად გიორგი ცხოვრებაძის ხარჯზე უტევდა.

გადამწყვეტი კი მეორე ტაიმის საწყისი ოთხი წუთი გამოდგა: ჩვენების რამდენიმე უხეში შეცდომის შემდეგ ავსტრიელებმა ზედიზედ ექვსი ბურთი გაიტანეს და 18:12 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ მატჩის გადარჩენა უკვე რთული წარმოსადგენი იყო, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა და მატჩის დასრულებამდე 25 წამით ადრე ერთი ბურთით (25:26) ჩამორჩენილი უტევდა, მაგრამ არაზუსტი პასი და ავსტრიამ კონტრშეტევა წამოიწყო. მართალია ჩვენებმა ჯარიმის ხარჯზე შეაჩერეს, მაგრამ დროის ამოწურვის შემდეგ სტუმრებმა 9-მეტრიანი ჯარიმა გაგვიტანეს – 25:27.

წინ საპასუხო მატჩია, რომელიც 12 მაისს გაიმართება. რთული იქნება მეტოქის დამარცხება, მაგრამ პირველი თამაშიდან გამომდინარე, გასაკვირი არაფერი იქნება…

 გიორგი ჯიქიას ფოტოები