„რეალისა” და „ბაიერნის” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის შემდეგ (2:1), მადრიდელთა ზეიმმოლეული და ტრიბუნებს კანტი-კუნტად ჯერ კიდევ შემორჩენილი ქომაგები შეშფოთდნენ: ტონი კროოსი თანაგუნდელებთან ერთად გასახდელში არ შევიდა, მოედანზე დარჩა და დაცარიელებულ „სანტიაგო ბერნაბეუს” უყურა. ჯერ სათადარიგოთა სკამთან მივიდა, შემდეგ მოედანზე გაიარა, სადაც მას ცოლ-შვილიც შეუერთდა. კროოსის გამომეტყველებისა და ჟესტიკულაციის შემყურე ადამიანს გაუჩნდებოდა ეჭვი, რომ 34 წლის ნახევარმცველი საყვარელ სტადიონს ემშვიდობებოდა.
კროოს არ უთქვამს, თუ რას აპირებს მომავალში. „რეალი” მას დარჩენას სთხოვს, მაგრამ გერმანელი დუმს და ამ დუმილით ცაცხლზე ნავთს ასხამს. ყველას კარგად ახსოვს ფრაზა, რომელიც მას ხშირად გაუმეორებია: „მინდა ფეხბურთს მწვერვალიდან დავემშვიდობო”. და სად შეიძლება იყოს იმაზე მაღალი მწვერვალი, ვიდრე ლა ლიგის ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგის ფინალია? წინ კი კროოსს ევროპის ჩემპიონატი ელის…