ვინ იცის მერამდენედ გამოამჟღავნა „რეალმა” უნიკალური ხასიათი — მადრიდის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში, უპირატესობის მიუხედავად, „ბაიერნს” ჩამორჩა, მაგრამ შეხვედრის მიწურულს ორი გოლი გაიტანა და ფინალის საგზური მოიგო. ანგარიში 68-ე წუთზე სტუმართა კანადელმა მცველმა ალფონსო დევისმა გახსნა, 88-ე და 90+1 წუთებზე კი ხოსელუმ ორი გოლი შეაგდო. ბედის საბედისწერო ტრიალში დიდი როლი ბავარიელთა ამთავითვე ლეგენდად შერაცხული მეკარის მანუელ ნოიერის შეცდომამ ითამაშა. ხოსელუს პირველი გოლი იმის გამო გავიდა, რომ ნოიერმა ვინისიუსის დარტყმული ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა.
თუმცა მადრიდელთა ორი გოლის შემდეგ იყო ერთი ეპიზოდი, რომელსაც სკანდალი მოჰყვა. შეხვედრას 9 წუთი დაემატა, რომელიც რეალურად 13 წუთს გაგრძელდა და სწორედ ამ მონაკვეთში, კერძოდ 90+12 წუთზე „ბაიერნმა” გოლი შეაგდო, რომელიც არ ჩაითვალა. მიზეზი: თანამსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, რის გამოც… ფეხბურთელები ფაქტობრივად შეჩერდნენ და მატეის დე ლიხტის საგოლე დარტყმის მოსაგერიებლად „რეალის” მეკარე ანდრიი ლუნინი არც გადამხტარა. შემდეგ კი გაჩნდა ეჭვი, რომ თანამსაჯი შეცდა. შესაძლოა თამაშგარე არც იყო. ეპიზოდი VAR-ზე გადამოწმებას და ფეხბურთელთა განლაგების სანტიმეტრებში გაზომვას მოითხოვდა, რაც არ მოხდა და ამან „ბაიერნის” მოთამაშეთა აღშფოთება გამოიწვია.
„რეკორდმაისტერის” მწვრთნელმა თომას ტუხელმა მატჩის შემდეგ თქვა: „ჩვენ გოლი გავიტანეთ, ლაინსმენმა და მთავარმა მსაჯმა კი საშინელი გადაწყვეტილება მიიღეს. ეს ღალატს ჰგავდა. მოგვიანებით თანამსაჯმა ბოდიში მოგვიხადა, მაგრამ რაღას გვიშველიდა. ასეთ მომენტში ალმის აწევა გაგონილა?… არბიტრმა დაინახა, რომ გადმოგდებულ ბურთს ჩვენ დავეუფლეთ და კარში ვარტყამდით. ასეთ მომენტში ოფსაიდის დაფიქსირება მეტისმეტად ცუდი გადაწყვეტილება იყო. ეს იყო წესების წინააღმდეგ წასვლა. ეს იყო კატასტროფა. ამის გადაყლაპვა ძნელია, მაგრამ ვერაფერს გავაწყობთ”.
გაწბილებულმა დე ლიხტმა Movistar-თან ინტერვიუში თქვა: „იმის თქმა არ მინდა, რომ „რეალს” ყოველთვის მსაჯები ეხმარებიან, მაგრამ დღეს შეხვედრის ბედი სწორედ მსაჯებმა გადაწყვიტეს. საერთოდ კი, როდესაც გგონია, რომ „რეალი” უკვე მოკვდა, მას ბოლო ამოსუნთქვა კიდევ რჩება. სწორედ ამიტომ არის ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის თოთხმეტგზის გამარჯვებული”.
შემდეგ დე ლიხტმა დაამატა: „თანამსაჯმა ბოდიში მომიხადა, შემეშალაო”.
„ბაიერნის” გულშემატკივარს კი მეტი რა უნდოდა. სოცილაურ ქსელებში გამოქვეყნდა კომენტარები: „ჩემპიონთა ლიგა ჩაწყობილია”; „თამაშგარე არ იყო!!! რატომ აწია მსაჯმა ალამი ასე მალე? ხომ არსებობდა VAR? ლიგის ბედი მერამდენედ წინასწარ არის გადაწყვეტილი მადრიდის სასარგებლოდ” და სხვა.