„ვალენსიას” მეკარეების საქმეში არ უმართლებს. წინა ტურში, ბარსელონაში „ღამურებს” პირველი ტაიმის ბოლო წუთებში მოედნიდან გიორგი მამარდაშვილი გაუგდეს და გუნდი იძულებული გახდა კარში პრაქტიკანაკლული ჯაუმე დომენეკი ჩაეყენებინა. ჯაუმე იდგა „ვალენსიას” კარში გუშინ, „ალავესთან” შეხვედრაშიც — რომელშიც მამარდაშვილი გუნდს ვერ დაუბრუნდა, რადგან ზემოთ ნახსენები დისკვალიფიკაციის გამო თამაშის უფლება არ ჰქონდა — მაგრამ 34 წუთის შემდეგ მან ტრავმის გამო მოედანი დატოვა და მისი ადგილი დაიკავა კრისტიან რივერომ, რომლისთვისაც ეს ლა ლიგაში დებიუტი იყო. რივერო 2018 წლიდან „ვალენსიაშია”, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ოთხჯერ აქვს ნათამაშევი და ოთხივეჯერ თასზე. ბოლოს ის კარში 2021 წლის 27 იანვარს იდგა.

„ვალენსიამ” „ალავესთან” 0:1 წააგო. გოლი, რომელიც მასპინძელთა მწვრთნელის რუბენ ბარახას აზრით სტუმრებმა მსაჯის მიერ გამოგონებული კუთხურიდან გაიტანეს, რივეროს ბრალი არ ყოფილა. დებიუტანტმა მეკარემ მატჩის შემდეგ თქვა:

„დებიუტმა გამახარა, მაგრამ შედეგმა გამაწბილა. გუნდმა მოსაგებად ძალა არ დაიშურა, პერიოდულად აგრესიულიც იყო. სამწუხაროდ, გოლი კუთხურიდან გავუშვით. სტანდარტული მდგომარეობის დროს დაშვებულმა შეცდომამ დაგვღუპა.

ვამაყობ „მესტალიაზე” რომ ვითამაშე. ოცნება ამიხდა. ბევრს ვმუშაობ, რათა როდესაც შანსი მომეცემა მზად ვიყო. თან კაპიტნის სამკლაურიც შემაბეს. თანაგუნდელები მამხნევებდნენ. ვწუხვარ ჯაუმე რომ დაშავდა”.