Why Diego Simeone cannot cheer on Giovanni and Napoli - Football Italia
დიეგო და ჯოვანი სიმეონეები

„ვარჯიში თერთმეტზეც რომ იყოს, დილაობით ცხრის ნახევარზე ვდგები. „კასტელ ვოლტურნოში” ათზე ვიკრიბებით, თუმცა მე ათის ნახევარზე უკვე იქ ვარ. იქ მიყვარს საუზმობა. სახლიდან ასე ცხრისთვის გავდივარ. მიყვარს თანაგუნდელებთან ცოტა ადრე შეხვედრა, მათი მოკითხვა და გასახდელებში ტრიალი. მომწონს ერთ-ერთი პირველი რომ ვარ, ვინც ვარჯიშზე ცხადდება”, — ასე დაიწყო „ნაპოლის” არგენტინელ თავდამსხმელთან ჯოვანი სიმეონესთან ინტერვიუ Drive&Talk-ის ფორმატში.

მატე: ბავშვობაში მატე არ მომწონდა, იმიტომ, რომ მწარეა და რომ გალევინებენ არ გსიამოვნებს. მატე სამხრეთ ამერიკაში ძალიან გავრცელებული სასმელია. განსაკუთრებით ბევრს ურუგვაიში სვამენ. ზოგი პიტნას ამატებს, ზოგი შაქარს. მატეს დასალევად წასვლა ურთიერთობის ფორმაა. მის დასალევად იკრიბებიან ოჯახები, მეგობრები. ეს იგივეა, აქ რომ ამბობენ: წამოდი, ყავა დავლიოთ.

ჰობი გაქვთ? ცნობისმოყვარე ხართ? ძალიან ცნობისმოყვარე ვარ. ყველაფერი მაინტერესებს. მამაჩემი, როდესაც სუფრას ვუსხედვართ, თუ ფეხბურთზე არ ვლაპარაკობთ ჩუმად არის. მე კი სხვანაირი ვარ. ჩემთან ყველაფერზე შეიძლება საუბარი: მაგალითად კინოზე. ანდა შემიძლია ბავშვებთან ვიდეოთამაში წამოვიწყო. იმ დღეს მარიო რუის ბიჭი Game Boy-ს თამაშობდა და მე რამდენიმე ხერხი ვასწავლე. ძალიან უხაროდა, როდესაც „პოკემონზე” და One Piece-ზე ველაპარაკებოდი. კიდევ, ზღვა მიყვარს. ვსწავლობ კიდეც, ზღვაოსნის ლიცენზია მინდა მივიღო.

ამბობენ, რომ აღმოსავლური კულტურით ხართ გატაცებული. წლეულს მინდა იაპონიაში გავემგზავრო. მიყვარს მედიტაცია, სხვა ქვეყნების კულტურათა გაცნობა. ორი წლის წინ ინდოეთში ვიყავი. ინდუიზმი არ შემისწავლია, მაგრამ გავეცანი. ძალიან საინტერესო იყო. მათ სამი მნიშვნელოვანი ღმერთი ჰყავთ. ძალიან მაინტერესბს ენერგიები, სულიერი საკითხები.

ფეხბურთის დიდი მცოდნე ხართ? აპლიკაცია მაქვს, სადაც ყველა საფეხბურთო მონაცემია შეტანილი. კვირის დასაწყისში შემდეგი მოწინააღმდეგის შესწავლას ვიწყებ. თამაშის წინ ვიწერ ყველაფერს, რაც კვირის განმავლობაში ამ საკითხთან დაკავშირებით გავიფიქრე. აი, მაგალითად, თავდამსხმელმა კარგად უნდა შეისწავლოს მოწინააღმდეგე გუნდის მეკარე. მართალი გითხრათ, ამას ბევრი ფორვარდი არ აკეთებს. არადა, უნდა იცოდე როგორ იკავებს პოზიციას, როგორ თამაშობს. ყველა ერთნაირად კი არ იქცევა. ზოგი ადგილზე დგას და იქიდან ხტება, ზოგს ხელები ზურგსუკან უჭირავს. მე ამას ვიმახსოვრებ და თუ კუთხიდან მიწევს დარტყმა, ვითვალისწინებ. შორიდან ჯობს დაბლა დაარტყა, ახლოდან — მაღლა. აი, ასეთ რამეებზე ვფიქრობ. შეიძლება ბევრს სისულელედ მოეჩვენოს, მაგრამ მე მეხმარება.

სწავლის ჟინი მამამ ჩაგინერგათ? ყოველთვის ძალიან ცნობისმოყვარე ვიყავი. ბავშვობაში რას წარმოვიდგენდი, რომ აღვმოჩნდებოდი ისეთ ადგილზე, როგორც ნეაპოლია და იქ სკუდეტოს მოვიგებდი. მე არ მქონდა ის თვისებები, რომლებიც წლების განმავლობაში შევიძინე. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ყოველთვის მეტი მინდოდა. ასეთმა ხასიათმა განმივითარა თვითკრიტიკა, რამაც ჩემი განვითარება განაპირობა. ჩემს შესაძლებლობებს კარგად ვიცნობ და წინ ახლანდელი უნარების გათვალისწინებით მივიწევ. ვიცი, რომ ჩემი თანაგუნდელები მჯობიან, მაგრამ მე გონებით უნდა მივაწვე. ეს უფრო მენტალობის ამბავია.

მაშინაც იცით სად არის კარი, როდესაც მისკენ ზურგით დგახართ? ბავშვობაში მამა ყოველთვის მეუბნებოდა, როდესაც არტყამ ბურთს უყურე, კარი კი არსად წავა, ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილზე დგასო. ვარჯიშებისა და თამაშების წყალობით, როდესაც არტყამ ყოველთვის იცი სად არის კარი.

ჩანაწერებს მარტო ფეხბურთზე აკეთებთ? ხუთი წლის წინ, ფლორენციაში ჩემს ამბებს ვიწერდი. დღიურის მაგვარ რაღაცას ვაწარმოებდი. ვიწერდი ჩემს ემოციებს. ცუდ და კარგ მომენტებს, მაგრამ რაც ჯულია ცოლად მოვიყვანე, წერტილი დავსვი. ვიწერდი ბავშვობისდროინდელ ამბებსაც. ვიწერდი როგორ ვიყავი ბიჭი, მარტო და კარგად არ ვგრძნობდი თავს. მერე, როდესაც საჩემო ადამიანს შევხვდი, მივხვდი, რომ კარგად ვიყავი და რაიმეს ჩაწერა აღარ იყო საჭირო. დროგამოშვებით ჩემი დღიურის ფრაგმენტებს გადავიკითხავ ხოლმე. ერთ დღესაც, როდესაც დიდი ბიჭი გავიზრდები, საკუთარ ჩანაწერებს თავიდან ბოლომდე ჩავუჯდები.

პატარა რიტუალი. როკი ბალბოას ვიდეოს ვუყურებ. მეხუთე ფილმში მონოლოგი აქვს, შვილს ეუბნება ცხოვრება ძნელია, მაგრამ მის ყოველ დარტყმას უნდა შეეწინააღმდეგო და წინ იაროო. ამას ხშირად ვუყურებ.

ცრუმორწმუნეობა. თავიდან ძალიან ცრუმორწმუნე ვიყავი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ რაც ნაკლებად მიაქცევ ასეთ რაღაცებს ყურადღებას, მით უფრო მოგებული დარჩები ცხოვრებაში. 20 წლისა თამაშის წინ დრიბლინგებს ვაკეთებდი და გარკვეულ რაოდენობას თუ ვერ შევასრულებდი, მეგონა საქმე ცუდად წამივიდოდა. ფსიქოლოგმა ამიხსნა, რომ ვარჯიშზე დაშვებული შეცდომა კარგად თამაშთან და გოლის გატანა-ვერ გატანასთან არაფერ შუაშია. არასწორ დამოკიდებულებას კი შეუძლია დაგბლოკოს და მართლა ვერ გააკეთო ის, რისი გაკეთებაც გინდა. ხანდახან აზრი ასეთ რაღაცებზე ფოკუსირდება.

შარშან სკუდეტოსთვის ვიბრძოდით და ამიტომ, ჩემპიონთა ლიგაში იმავე ბუცებზე სხვა საცვალს ვიცვამდი. მახსოვს, თავი რომ მტკიოდა ბებიაჩემი ლოცვას წაიკითხავდა და თავის ტკივილი გამდიოდა. ასეთი რაღაცები დედასაც ეხერხება. „რეალისა” და „ნაპოლის” თამაშის წინ დედას დავურეკე და ვუთხარი, რომ ამ თამაშის გამო ვნერვიულობდი. დედამ მითხრა, ილოცე და ყველაფერი კარგად იქნებაო. როდესაც ქურთუკი გავიხადე, წითელი რქა (იტალიაში გავრცელებული თილისმა) გამიტყდა. დედამ მითხრა, რომ მან თავისი საქმე გააკეთა და ამიტომ გატყდა; რომ ახლა უკვე მზად ვიყავი. და მართლაც, იმ თამაშში გოლი გავიტანე. ეს ნამდვილი სასწაული იყო.

თქვენ გიყვართ Escape Room-ის თამაში. დიახ, ასეთ თამაშებში მეწყვილედ სულ ალექს მერეტს ვირჩევ. ოთახიდან გამოღწევას კი იმიტომ ვთამაშობ, რომ ცხოვრებაშიც მინდა ჩაკეტილობისგან თავი დავიხსნა. ჩემმა გონებამ სულ უნდა იმუშაოს.

ძნელია ცნობილი ადამიანის შვილობა? სკოლაშიც კი არ მყავდა ბევრი მეგობარი, რადგან ჩემთან ურთიერთობა ყველას ცნობილი მამისა და ფულის გამო უნდოდა. კიდევ კარგი, ბოლოს და ბოლოს გავიგე ვინ იყო ჩემი უანგარო მეგობარი. ერთხელ, არგენტინაში, შაბათ საღამოს დედაჩემმა შეამჩნია, რომ სახლში მოწყენილი ვიჯექი და მითხრა, გადი, ვინმეს დაუმეგბრდიო. ცნობილი ადამიანის შვილობას თავისი უპირატესობებიც აქვს, მაგრამ ძალიან ძნელია.