ზაგრებში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი გუნდური შეჯიბრებით დასრულდა. საქართველოს ნაკრები უმედლოდ არც აქ დარჩენილა – ჩვენმა შერეულმა გუნდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველი ძიუდოისტები პირველი წრეში თავისუფლები იყვნენ და საქმეში მეოთხედფინალიდან ჩაერთვნენ, სადაც იტალიის ნაკრებს დამატებითი ბრძოლით 4:3 აჯობეს. იტალიელთა წინააღმდეგ სამივე გოგონამ წააგო – სოფიო სომხიშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და მარიამ ჭანტურიამ.
სამაგიეროდ, იყოჩაღეს ბიჭებმა – გურამ თუშიშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და ლაშა ბექაურმა საქმე დამატებით ბრძოლამდე მიიყვანეს, სადაც წილისყრა ჩვენს მხარეს იყო და ტატამზე გასვლა ისევ ბექაურს მოუწია. ჩვენმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ის შეხვედრაც მოიგო.
ნახევარფინალური საქართველომ უფრო მარტივად გაიარა. მასპინძელ ხორვატიასთან პირველი შეხვედრა ჭანტურიამ კი წააგო, მაგრამ შემდეგ ლიპარტელიანმა, შავდათუაშვილმა, ბექაურმა და თუშიშვილმა ზედიზედ მოიგეს და გამარჯვებაც საქართველოს დარჩა – 4:1.
საქართველოს ნაკრები ფინალში ძალიან ძლიერ საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და უშანსოდ, 0:4 დამარცხდა. ფრანგების წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს ლიპარტელიანმა, შავდათუაშვილმა, ჭანტურიამ და ბექაურმა.