შაბათს გორის სარაგბო სტადიონზე რეგიონული ლიგის ფინალი გაიმართა –   რეგულარული სეზონის მომგები თბილისის „წიქარა“ რუსთავის „რუსთავს“ დაუპირისპირდა. არც ერთი და არც მეორე გუნდი პირველ ლიგაში არასდროს ყოფილა. „წიქარა“ გაცილებით ტრადიციული კლუბია – 2010 წელს შეიქმნა, ხოლო „რუსთავი“ მხოლოდ 3 წლისაა.

რეგულარულის მსვლელობისას „წიქარას“ ფინალისტი მეტოქე ორჯერ ჰყავდა დამარცხებული და საერთოდაც, თბილისურმა გუნდმა სეზონის ყველა მატჩი მოიგო და ზედაც ბათუმის „მეკობრესთან“ ორივე ნახევარფინალური მატჩიც მიაყოლა.

ჰოდა, „წიქარას“ ჰეგემონია გორშიც გაგრძელდა – პირველი ლიგის საგზურის ბედის გადამწყვეტი მატჩი თბილისელებმა დიდი აღმავლობით ჩაატარეს და სათამაშო უპირატესობა სრულად რომ გამოეყენებინა, საბოლოო ანგარიში 15:11-ზე გაცილებით სოლიდური იქნებოდა. ფიზიკურად საუცხოოდ მომზადებულმა წიქარელებმა მეტოქე თავიდანვე მარწუხებში მოაქციეს, დომინანტური ბოჭვების სიმრავლით ხომ დაჯაბნეს და მთლიანობაშიც, რუსთაველებს კონტრთამაშის ფაქტობრივად ყველა შესაძლებლობა მოუსპეს.

ასეა თუ ისე, საბოლოო გამარჯვება „წიქარას“ დარჩა. აუცილებლად სათქმელია, რომ „წიქარა“ ამ წარმატებისკენ მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ და ძირითადად საკუთარი რესურსების ხარჯზე მიიწევდა. 2010 წელს ვეტერანი მორაგბის ნიკოლოზ წიქარიძის მიერ შექმნილმა ბავშვთა გუნდმა შედეგი 14 წლის შემდეგ მოიტანა – „წიქარას“ სრული ვერტიკალი აქვს: საფესტივალო ასაკის ბავშვებით დაწყებული და ოსტატთა გუნდით დამთავრებული. ამ უკანასკნელის შემადგენლობის 80-85%-ს კლუბისვე გაზრდილი ბიჭები შეადგენენ. ისიც ვთქვათ, რომ კლუბმა ორი ბორჯღალოსანიც აღზარდა – ლუკა ნიორაძე და ლუკა ივანიშვილი. ბოლო წლების წარმატებაში კი დიდი წვლილი ნიკო წიქარიძის მეგობრებმა, თავადაც ვეტერანმა მორაგბეებმა და დღეს ბიზნესმენებმა გია ჯიქიამ და პაატა გურგენიძემ შეიტანეს. ამ ადამიანებს გარჯა დაუფასდათ და „წიქარას“ სახით საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის პირველ ლიგას მეტად ანგარიშგასაწევი ძალა შეემატა – „წიქარას“ მომდევნო მიზანი, ხელმძღვანელობისა და მოთამაშეების ამბიციიდან გამომდინარე, დიდ 10-ში აღზევება უნდა იყოს.

ბოლოს კი იმას მოგახსენებთ, რომ კვირას, უკვე დედაქალაქში, „ავჭალის“ სტადიონზე ორი ფინალია: ჯერ ერთმანეთს ასპინძის „ტაო“ და თბილისის „არმია“ შეერკინებიან, გამარჯვებული დიდ 10-ში გადავა, ხოლო მერე დიდი ფინალია – თბილისის „ლელო“ ქუთაისის „აიას“ წინააღმდეგ.