Conte publishes posts on Instagram, Napoli fans inundate him with messagesბოლო ხანს ნეაპოლში ბევრს ლაპარაკობენ ანტონიო კონტეზე. ამბობენ, რომ „ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მომავალი სეზონიდან მწვრთნელის პოსტზე უპირველეს ყოვლისა სწორედ მის კანდიდატურას განიხილავს, თუმცა თავად კონტე ყოყმანობს. გულშემატკივარმა მისი ინსტაგრამიდან შეიტყო, რომ „იუვენტუსის”, „ჩელსის”, „ინტერის”, „ტოტენჰემის” და იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი ბანიო ვინიონიში ისვენებს. ბანიო ვინიონი გახლავთ ცხელი მიწისქვეშა წყლებითა და სამკურნალო აბაზანებით ცნობილი კურორტი ტოსკანაში. კონტემ ფოტო დაპოსტა და მიაწერა: „დასვენება”.

ფოტოს ქვეშ მყისვე გაჩნდა ნეაპოლელი გულშემატკივრების კომენტარები: „კარგად დაისვენეთ, მომავალი სეზონიდან „ნაპოლიში” ბევრი საქმე გელით”; „გელოდებით ნეაპოლში”; „ანტონიო, უდიდეს პატივს გცემთ. იმედი გვაქვს, რომ მომავალი სეზონიდან „ნაპოლის” ჩაუდგებით სათავეში”.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ კონტეს ფოტოს ქვეშ ნეაპოლელი ქომაგების გარდა მრავლად იყო მილანელთა კომენტარებიც. ისინი მას „სან სიროზე” ელიან. სეზონის ბოლოს „მილანიდან” სტეფანო პიოლი მიდის და… როგორც ამბობენ, თუკი კონტე პარმელ სპეციალისტს შეცვლის, თავად პიოლი სწორედ „ნაპოლის” ჩაუდგება სათავეში. მეტიც, ბოლო დროს პიოლის „აძურიში” გადასვლის შესახებ უფრო გაბედულად დაიწყეს ლაპარაკი, რის საფუძველსაც კონტეს დაუსრულებელი ყოყმანი იძლევა.

ნეაპოლური გაზეთი „ილ მატინო” წერს, რომ დე ლაურენტისს პიოლისთვის უკვე გამზადებული აქვს ორწლიანი კონტრაქტი, რომლის თანახმადაც მწვრთნელი სეზონში 3 მილიონ ევროს მიიღებს. თუმცა, არის პრობლემაც. პიოლი „მილანში” ხელშეკრულების თანახმად 2025 წლის 30 ივნისამდე უნდა დარჩეს. „როსონერიში” მისი სეზონური გასამრჯელო არის 4 მილიონი ევრო. დე ლაურენტისს კი სურს მასთან მხოლოდ მას შემდეგ გააფორმოს კონტრაქტი, რაც იგი ამჟამინდელ კლუბთან ურთიერთობას გაარკვევს და წერტილს დაუსვამს. სხვა სიტყვებით, თუკი „მილანი” პიოლის ნაადრევად უშვებს, არ არის გამორიცხული 58 წლის მწვრთნელს მომდევნო სეზონში „ნაპოლიში” 3 მილიონად მუშაობას მილანელთა ხარჯზე 4 მილიონად დასვენება ერჩივნოს.