Victor Osimhen of Napoli is looking dejected at the end of the Serie A soccer match between Empoli FC and SSC Napoli at Stadio Carlo Castellani in...დღეს „ნაპოლი” კაზერტაში გადაბარგდება და „რომასთან” მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის იქ მოემზადება. ასეთი გახლავთ კლუბის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის გადაწყვეტილება, რომელსაც ფეხბურთელები დიდი აღფრთოვანებით არ შეხვდნენ.

„ნაპოლის” გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ „ჯალოროსისთან” შეხვედრაში წარმატებას მიაღწევენ და გუნდი დარჩენილ 5 შეხვედრას კარგად ჩაატარებს. ცნობა იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი „პარტენოპეელებს” ნეაპოლიდან 36 კილომეტრში მდებარე კაზერტაში „ამწყვდევს” „კორიერე დელო სპორტმა” გაავრცელა.

რომაული გაზეთი წერს, რომ გუნდის წამყვანმა ფეხბურთელებმა დე ლაურენტისის გადაწყვეტილება მწვრთნელთან ფრანჩესკო კალცონასთან გააპროტესტეს. ეს გუშინ, კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ცენტრში მოხდა.

ფეხბურთელებმა კარგად იციან, რომ მათი საქმე ბეწვზე ჰკიდია და კიდევ ერთი ფიასკო, იმის მაგვარი, ემპოლიში რომ მოუვიდათ, შეიძლება ძვირად დაუჯდეთ. არ არის გამორიცხული ზოგ მათგანს პრეზიდენტმა სეზონის ბოლომდე აუკრძალოს კიდეც თამაში. ასეთმა მიდგომამ გასახდელში დუღილის ტემპერატურა, როგორც ჩანს, კი არ დააკლო, არამედ კიდევ ეფრო მაღლა აწია.

ფეხბურთელებს ურთიერთობა გულშემატკივრებთანაც დაეძაბათ. ამის ნათელი მაგალითი იყო ტიფოზების მიერ მათი მიხმობა ემპოლიში, სტუმართა ტრიბუნასთან და დამუნათება. ვითარებას „რომასთან” გამარჯვება თუ შემოატრიალებს.

გუნდის კაზერტაში ჩაკეტვით დე ლაურენტისმა სცადა ფეხბურთელებისთვის ეთქვა, რომ მათგან ერთსულოვნებასა და ჩამქრალი ნაპერწკლის ხელახალ ანთებას ითხოვს, თუმცა რა გამოუვიდა ძნელი სათქმელია. ფეხბურთელების პირველი რეაქცია, როგორც გითხარით, უარყოფითი იყო. დანარჩენი კი კვირას, საქართველოს დროით 20 საათზე სტადიო „დიეგო მარადონაზე” გამოჩნდება.