ლეგენდარული რობერტო ბაჯო არა მარტო სამშობლოში, არამედ მთელს მსოფლიოში გულშემატკივრის ყველაზე საყვარელ იტალიელ ფეხბურთელად რჩება. Sportweek-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან შესანიშნავ თავდამსხმელთან, აწგარდაცვლილ ჯანლუკა ვიალისთან დაკავშირებული ემოციური ეპიზოდი გაიხსენა.

რობერტო ბაჯო და ჯანლუკა ვიალი

„ამ ამბავმა, რომელიც ანდრეა პირლოს გამოსათხოვარ მატჩზე მოხდა, ჩემზე ძალიან იმოქმედა. ის ჩემმა უმცროსმა ვაჟმა მიმაბო, რომელიც ამ დღეს თან მახლდა. მან თურმე სიმორცხვეს სძლია, ერთ-ერთ ვეტერანთან მივიდა და ავტოგრაფი სთხოვა. ჩემმა შვილმა მას უთხრა: „მე ლეონარდო ბაჯო ვარ, მამაჩემი თქვენთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა… ავტოგრაფი მინდა გთხოვოთ”. ვეტერანმა ლეონარდოს თურმე თავისი დაუვიწყარი ღიმილით შეხედა და უპასუხა: „არა, მამაშენი კი არ თამაშობდა ჩემ გვერდით, ეს მე მხვდა ცხოვრებაში წილად ბედნიერება მამაშენის გვერდით მეთამაშა”. ვინ იყო კაცი? ეს იყო ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს შორის აღარ არის — ჯანლუკა ვიალი. ამ ამბის გახსენებაზე ტანში დღემდე ჟრუანტელი მივლის. ჩემი ვაჟი 2005 წელს დაიბადა, როდესაც მე უკვე აღარ ვთამაშობდი. მას ჩემი ფეხბურთი არ უნახავს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს ვახსოვარ, ვუყვარვარ და მეუბნებიან, რომ ცხოვრებაში რაღაც კარგი გამიკეთებია. სწორედ ხალხის სიყვარული და ჩემი კოლეგების პატივისცემა მავსებს სიამაყით”.

ამავე ინტერვიუში ბაჯომ დიეგო მარადონა და მისი დროის „ნაპოლიც” გაიხსენა. ის არ დაეთანხმა ანტონიო კასანოს ნათქვამს, რომ მაშინდელი „ნაპოლი” ერთი კაცის გუნდი იყო და მარადონამ სკუდეტო მარტომ მოიგო.

„არ არის მართალი თითქოს 80-იანი წლების „ნაპოლი” მარტო მარადონას გუნდი იყო. იქ იყვნენ ისეთი მაღალი დონის მოთამაშეები, როგორებიც არიან კარეკა, დი ნაპოლი, კარნევალე. დიეგოს ზურგს ძლიერი ფეხბურთელების ჯგუფი უმაგრებდა”.

კითხვაზე, არაბეთიდან რომ ჰქონოდა მდიდრული შეთავაზება დათანხმდებოდა თუ არა, ბაჯომ უპასუხა: „არ ვიცი. ფეხბურთელობის წლებში მნიშვნელოვანი შეთავაზებები მქონდა ესპანეთიდან და იაპონიიდან, მაგრამ მე ნაკრებში თამაშით ვიყავი შეპყრობილი და იტალიაში დარჩენა ვამჯობინე. მინდოდა „სკუადრა აძურას” ორბიტიდან არასდროს გავსულიყავი. იაპონიაში წასვლა რასაკვირველია მინდოდა, მაგრამ 2002 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზე, იტალიის ნაკრების შემადგენლობაში”.