მიუნხენის „ბაიერნის” ყოფილმა ვარსკვლავმა ბასტიან შვაინშტაიგერმა პოდკასტ The Overlap-ში, კერძოდ კი გარი ნევილთან ინტერვიუში იმ უარყოფით გავლენაზე ილაპარაკა, რომელიც პეპ გვარდიოლამ „რეკორდმაისტერსა” და ზოგადად გერმანულ ფეხბურთზე მოახდინა. მოგეხსენებათ, ესპანელი მწვრთნელი ბავარიელებს 2013-16 წლების სეზონში ედგა სათავეში.
შვაინშტაიგერი 2015 წელს „ბაიერნიდან” წავიდა, ლუი ვან გაალისეულ „მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა. ყოფილი ნახევარმცველის აზრით გვარდიოლა რასაკვირველია დიდი მიწვრთნელია, მას აქვს ტაქტიკური იდეები, რომელთა წყალობით მისი გუნდები ინიციატივას ფლობენ და თამაშზე გავლენას ახდენენ, მაგრამ სხვა კლუბებისთვის მისი მიბაძვა მიზანშეწონილი არ არის.
„ჩვენ პეპის სტილს ზედმეტად ვენდეთ და სრულიად დავივიწყეთ „ბაიერნის” დნმ. ეს იყო შეცდომა, რომელიც მთელმა გერმანულმა ფეხბურთმა დაუშვა. დიახ, პეპი ჩვენთან თავისი განუმეორებელი სტილით მოვიდა. იდეები, რომელთაც ის ჩვენს ფეხბურთელებს მოედანსა და მის გარეთ უნერგავდა მომხიბვლელი იყო, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ფილმს, რომელსაც გვარდიოლა „ბარსელონაში” იღებდა სხვა თერთმეტი მსახიობი ჰყავდა, მან კი იმავე ფილმის გადაღება „ბაიერნსა” და „მანჩესტერ სიტიშიც” სცადა. არადა ხშირად, როდესაც მსახიობებს ცვლიან, კინო ისეთივე აღარ გამოდის”, — თქვა ბუნდესლიგის რვაგზის ჩემპიონმა, გერმანიის თასის შვიდგზის მფლობელმა, პრემიერლიგის ჩემპიონმა, მსოფლიოს ჩემპიონმა და მუნდიალების ორგზის მესამეადგილოსანმა.