„ნაპოლის” ყოფილი ვარსკვლავი, დღეს „გალათასარაის” ფეხბურთელი, 36 წლის ბელგიელი დრის მერტენსი იტალიურ პროგრამა Delietta Gol-ში ძველ დროს იხსენებს. მან გარკვეული ხნით ნეაპოლში დაბრუნება მოახერხა. მერტენსმა თქვა:
„კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ცენტრში ვიყავი. შესანიშნავი განცდა დამეუფლა. წასვლის მერე აქ აღარ ვყოფილვარ. შევხვდი ბიჭებს, გასახდელში შევედი. „ნაპოლიში” არაჩვეულებრივი ატმოსფერო დამხვდა. მართალია ამ სეზონში საქმეები ისე არ მიდის როგორც გვინდა, მაგრამ მე ჯერაც ვიმედოვნებ, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს და იმედი მაქვს, რომ ფეხბურთელებიც ამ რწმენით არიან. ბიჭებს დავაკვირდი. კალცონასთან ერთად კი მიმუშავია. მე მისი ხედვების მჯერა”.
რომელი იყო საუკეთესო წელი „ნაპოლიში”: ყველა წელი გამორჩეული იყო, რადგან აქ ყოველ წელიწადს მშვენიერი ამბების მოწმე ვხდებოდი. ერთი სული მაქვს როდის დავესწრები თამაშს, გავივლი ქუჩებში და გულს ვიჯერებ.
2018 წლის სკუდეტო: სერია A-ს ისტორიაში არ ყოფილა სხვა შემთხვევა, გუნდს 91 ქულა დაეგროვებინა და ჩემპიონი ვერ გამხდარიყო. მაშინ ძალიან ცუდი რამ მოხდა.
სკუდეტო მოიგეს იმ წელიწადს, როდესაც მე წავედი: შესანიშნავი იყო, ამაღელვებელი. არ შემშურებია, რადგან „ნაპოლის” ფანი ვარ. საერთოდ, როდესაც ახალ გუნდში გადადიხარ, ახალ პროექტზე ამახვილებ ყურადღებას, თუმცა მე ცალი თვალი მუდამ „ნაპოლისკენ” მიჭირავს. ამდენი წლის შემდეგ თანაგუნდელებს ოჯახის წევრებად მიიჩნევ და შესაბამისად, როდესაც შენი ოჯახი წარმატებას აღწევს, შენც გიხარია. სკუდეტოს მოგება ჩემთვისაც ისეთი დიდი სიხარული იყო, როგორც ბიჭებისთვის და სპალეტისთვის. გუნდს წარმოუდგენელი სეზონი ჰქონდა, ვუყურებდი იმ არაჩვეულებრივ ფეხბურთს, რომელსაც თამაშობდნენ და ვზეიმობდი. ყველა თამაში ვნახე.
ვისთან ვაგრძელებ მეგობრობას: ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობას: მე, რეინა, ჟორჟინიო, კულიბალი… დღევანდელ შემადგენლობაშიც არიან ფეხბურთელები, რომლებთან ერთადაც მითამაშია და მათი ნახვა ძალიან გამიხარდა.
რატომ დავტოვე „ნაპოლი”: ვეღარ ვუძლებდი. სისწრაფეს ვკარგავდი…
მენატრება თუ არა ტომაზოს მოდუღებული ყავა: მამა მია. ნეაპოლური კერძები განსაკუთრებული რამ არის. ვგიჟდები პლაჟზე მირთმეულ პომიდვრიან პასტაზე მოცარელათი. ტომაზოს სულ ვეხუმრები ზღვის პირას შეზლონგი გამიშალოს.
რას გავაკეთებ როდესაც ფეხბურთის თამაშს თავს დავანებებ: ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ მაქვს. როდესაც რაღაცას ვაკეთებ 100 პროცენტით იმ საქმეზე ვარ კონცენტრირებული. ახლა „გალათასარაიში” ვცდილობ ყოველი გატარებული წუთით ვისიამოვნო.
თუ ვიხილავთ ჩემს შვილს ჩიროს „ნაპოლის” თოთხმეტნომრიანი მაისურით: რას ვუყვები ნეაპოლის შესახებ? არაფერს. მან ამ ქალაქის მიმართ თავისი დამოკიდებულება უნდა გამოიმუშაოს. თუ ფეხბურთელი ქალაქში თავს კარგად გრძნობს, ეს მოედანზეც აისახება. სწორედ ამიტომ გავატარე ამ მშვენიერ ადგილას ცხრა წელიწადი. აქ მქონდა შესანიშნავი სახლი ზღვის პირას. ვფიქრობ ასეთი რამ პროფესიონალის არჩევანზე დიდ გავლენას ახდენს.