მანჩესტერში, „ეტიჰედ სთედიუმზე”, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „რეალმა” „სიტი” პენალტებში დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც „ბაიერნს” შეხვდება. ეს იყო შეხვედრა, რომელშიც მადრიდელებს მოუწიათ იმის გაკეთებამ, რასაც ჩვეულებრივ არ აკეთებენ — დიდწილად თავი დაიცვეს, თუმცა ბოლოს მაინც გაიმარჯვეს, ეს კი ჩვევაში აქვთ. „ლოს ბლანკოსის” მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თქვა: „აქ გამარჯვების ერთადერთი გზა ბრძოლა და მსხვერპლის გაღება იყო”. შემდეგ კი მან ქების სიტყვები არც თავისი გუნდისთვის დაიშურა და არც პეპ გვარდიოლას ფეხბურთელებისთვის. ანჩელოტიმ თქვა:

„პენალტები რასაკვირველია გამართლებაზეა, მაგრამ მე ჩემი ფეხბურთელებისა მწამდა. მათ დამამშვიდეს, მითხრეს, რომ მოიგებდნენ. ლუნინი პენალტის მოგერიებას დამპირდა. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. ყველა დარტყმა ვნახე. ყველა დარტყმა ძალიან კარგად შევასრულეთ. რუდიგერმა გამაოცა. ამ სეზონში თერთმეტმეტრიანებს მაინცდამაინც კარგად ვერ ვარტყამდით, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი საჩვენოდ დასრულდა…

…თამაში კარგად დავიწყეთ, დავწინაურდით კიდეც, მაგრამ შემდეგ გაგვიჭირდა, სულ ბრძოლა გვიწევდა, დაცვის ხაზი უკან დავწიეთ, ბურთს მანჩესტერელები აკონტროლებდნენ. თუმცა, ვფიქრობ, რომ დაცვაში შესანოშნავად ვითამაშეთ…

…„რეალისგან” ბევრჯერ გვინახავს, თუ როგორ აღწევს იმას, რასაც მისგან აღარავინ ელის. პენალტების დროს საკუთარ თავში სრულიად დარწმუნებულები ვიყავით. გვჯეროდა, რომ ნახევარფინალში გავიდოდით. მე ყოველთვის მიყვარს იმის ნახვა, თუ როგორ გადის გუნდი შემდეგ ეტაპზე ბრძოლისა და მსხვერპლის ფასად. აქ სხვანაირად ვერ გავიმარჯვებდით…

…გვარდიოლამ შემდეგ ეტაპზე გასვლა მომილოცა და წარმატება მისურვა. ის ჯენტლმენია. ის ყოველთვის ჯენტლმენი იყო. „მანჩესტერ სიტი” ღირსეული ადამიანების კლუბია…

…კვირას „ელ კლასიკო” გველის, მაგრამ ფიზიკური მომზადების პრობლემა არ გვაქვს. კვირამდე ძალების აღსადგენად დრო გვაქვს. ჩვენ აქ წყნარად გამოვიძინებთ და გავიაზრებთ, რომ ძალიან კარგ შედეგს მივაღწიეთ. ყველას ეგონა, რომ მოვკვდით, მაგრამ „რეალი” ხომ არასდროს კვდება”.