გასული კვირის მიწურულს სარაგბო ევროტურნირებზე მეოთხედფინალი გაიმართა, რომელის შედეგად ჩემპიონთა თასის ნახევარფინალი ქართველი ლეგიონერების გარეშე ჩაივლის, ხოლო ჩელენჯ თასზე უძლიერესთა კვარტეტში მხოლოდ „კლერმონი“ გავიდა, რომლის ღირსებასაც გიორგი ძმანაშვილი იცავს. პარალელურად, საფრანგეთში პრო დ2-ის მორიგი ტური გაიმართა და ბორჯღალოსანმა ბექა შვანგირაძემ თავისი მორიგი ლელო გაიტანა.

ჩემპიონთა თასი. 

ლექსო ყაულაშვილის „ბორდომ“ უდრამატულეს და ძალზე უხვქულიან მატჩში საკუთარ მოედანზე ინგლისურ „ჰარლიქუინზთან“ 41:42 წააგო. ყაულაშვილი სასტარტოში იყო და პირველი ტაიმი ითამაშა. ლექსო ერთადერთი ქართველი იყო, რომელმაც ჩემპიონთა თასის ამ ეტაპზე იასპარეზა.

შარშანდელი ფინალისტების დაპირისპირებაში ირლანდიურმა „ლენსტერმა“ ფრანგულ „ლა როშელს“ რევანში აუღო – 40:13, ამრიგად სანდრო ქუნთელიას გუნდი ზედიზედ მესამე ტიტულისთვის რბოლას გამოეთიშა. მეორე ინგლისურმა კლუბმა – „ნორთჰემპტონმა“ სამხრეთაფრიკულ „ბულზს“ იოლად მოუგო – 59:26, ხოლო საფრანგეთის ჩემპიონმა „ტულუზმა“ ნიკა აბულაძის „ექსეტერს“ კიდევ უფრო მეტი ქულა გაუტანა – 64:26. აბულაძეს არ უთამაშია.

ნახევარფინალი მაისის პირველ უქმეებზეა დანიშნული: „ლენსტერი“ „ნორთჰემპტონს“ უმასპინძლებს, ხოლო „ტულუზი“ – „ჰარლიქუინზს“.

ჩელენჯ თასი

ფრანგულმა „კლერმონმა“ ირლანდიური „ალსტერი“ დაუძაბავად დაამარცხა – 53:14. გიორგი ძმანაშვილი „ვულკანების“ შემადგენლობაში 53-ე წუთზე გამოჩნდა.

ინგლისურმა „გლოსტერმა“ უელსურ „ოსპრეიზს“ ერთობ რთული მატჩი 26:13 მოუგო, სამხრეთაფრიკულმა „შარქსმა“ შოტლანდოურ „ედინბურგს“ ძლივს მოუგო – 36:30, მთავარი მოულოდნელობა კი იტალიაში დაფიქსირდა – ტრევიზოს „ბენეტონმა“ ირლანდიური „კონახტი“ 39:24 დაამარცხა, რაც ნახევარფინალში იტალიური გუნდის გასვლის პირველი შემთხვევაა.

ნახევარფინალში „შარქსი“ „კლერმონს“ უმასპინძლებს, ხოლო „გლოსტერი“ – „ბენეტონს“.

პრო დ2

„გრენობლისა“ და „ორიაკის“ შეხვედრაში ერთბაშად შვიდმა ჩვენებურმა მიიღო მონაწილეობა – სამმა გრენობლელმა და ოთხმა ორიაკელმა. ალპელებმა ბონუსით მოიგეს – 56:10, რამაც ეს გუნდი სეზონში პირველად აღაზევა საპლეიოფო ზონაში. „გრენობლი“ 63 ქულით მე-5 ადგილზეა და 8-ქულიანი სანქცია რომ არა, უფრო მაღლაც იქნებოდა. „ორიაკის“ ერთადერთი ლელო კი საკუთარ ანგარიშზე ბექა შვანგირაძემ ჩაიწერა. ახალგაზრდა მესამეხაზელმა სეზონის მე-15 მატჩში მე-5 ლელო მიითვალა.