Victor Osimhen of SSC Napoli is challenged by Pablo Mari’ of AC Monza during the Serie A TIM match between AC Monza and SSC Napoli at U-Power Stadium...სად ითამაშებს ვიქტორ ოსიმენი მომდევნო სეზონში? დადის ორნაირი ჭორი. ერთნი ამბობენ, რომ „ნაპოლის” მეცხრე ნომერი პრემიერლიგაში გადაბარგდება, მეორენი კი „პარი სენ ჟერმენის” ვერსიას უფრო სანდოდ მიიჩნევენ. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ პარიზელები აურელიო დე ლაურენტისის მიერ დაწესებული გამოსასყიდი თანხის დაკლების მიზნით სხვადასხვა ხერხის მოფიქრებას ცდილობენ, თუმცა ნეაპოლური საიტი calcionapoli24 წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით მათ აფრთხილებს, რომ ფასის დაკლება გამორიცხულია.

პორტალი იხსენებს არგენტინელი ეზეკიელ ლავეცის შემთხვევას. ლავეცი 2012 წელს „ნაპოლიმ” „პარი სენ ჟერმენში” 30 მილიონ ევროდ გაყიდა. მაშინ დე ლაურენტისი გაჯიუტდა და დათქმულ თანხას კაპიკიც არ დააკლო. მეტიც, კომბინაცია ფულს პლუს ფეხბურთელი არც კი განიხილა.

იგივე გადახდა ურუგვაელ ედინსონ კავანის. „ელ მატადორიც” „ნაპოლიდან” პსჟ-ში გადავიდა და „პარტენოპეელთა” მეპატრონემ ცენტი არ დათმო.

მესამე, ვინც calcionapoli24-ს გაახსენდა არის არგენტინელი გონსალო იგუაინი. ის 2016 წელს „ნაპოლიდან” „იუვენტუსში” გადაბარგდა. „ბებერმა ქალბატონმა” დე ლაურენტისს ძალიან ბევრი ვარიანტი შესთავაზა, მაგრამ ნეაპოლელთა მეპატრონემ 90 მილიონი თქვა და ფეხი არ მოიცვალა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საიტის მტკიცე რწმენით, ვიქტორ ოსიმენთან დაკავშირებითაც იგივეს უნდა ველოდოთ. დე ლაურენტისს მის გამოსასყიდ თანხად 120 მილიონი აქვს ნათქვამი და ნიგერიელის ყველა მსურველმა უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი ვაჭრობა მხოლოდ და მხოლოდ დროის ხარჯვა იქნება და მეტი არაფერი.